ახალი ამბები

ტრამპი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს დახმარების შეწყვეტით ემუქრება ლტოლვილების გამო

23 ოქტომბერი, 2018 • 1833
ტრამპი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს დახმარების შეწყვეტით ემუქრება ლტოლვილების გამო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ თანდათანობით შეუწყვეტს საგარეო დახმარებას გვატემალას, ჰონდურასსა და ელ სალვადორს. ამის მიზეზად ტრამპი ასახელებს ამ სამი ქვეყნიდან აშშ-ის საზღვრისკენ მიმავალ რამდენიმე ათას ადამიანს.

ტრამპმა 22 ოქტომბერს მწვავედ გააკრიტიკა ამ სამი ქვეყნის ხელისუფლება, რატომ აძლევთ ხალხს უფლებას, რეგიონი დატოვონ და “არალეგალურად” შემოვიდნენ შტატებშიო.

ლტოლვილთა ჯგუფი, რომლებსაც ტრამპმა “მიგრანტების ქარავანი” უწოდა, დაახლოებით 7 000-მდე ადამიანს ითვლის. ისინი მექსიკის გავლით მიემართებიან შტატებისკენ, თუმცა საზღვრისგან ჯერ კიდევ შორს არიან.

ტრამპმა დატვიტა, რომ “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებდა “მიგრანტების ქარავნის” გამო.

პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, თითქოს “ქარავანში კრიმინალები და უცნობი ახლო აღმოსავლელები არიან ათქვეფილი”. თუმცა, New York Times-ის თანახმად, არ არსებობს ამის დამამტკიცებელი საბუთი, — არც მათი და არც სხვა რომელიმე გამოცემის რეპორტიორი, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად ერთად მოგზაურობს, ამას არ იუწყება და არცერთი სამთავრობო უწყება ამას არ ადასტურებს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების მიწოდების შეწყვეტა სიტუაციას გააუარესებს. ორგანიზაცია Human Rights Watch ტრამპს ასე გამოეხმაურა ტვიტერზე: “დახმარების შეწყვეტა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიდანაც ხალხი გამორბის, კიდევ უფრო მეტად გააუარესებს იმ გარემოებებს, რის გამოც ეს ადამიანები ლტოლვილები გახდნენ. შეწყვიტეთ ეს ისტერიული, წინდაუხედავი რიტორიკა”.

BBC-ის თანახმად, 2017 წელს გვატემალამ აშშ-ის USAID-ისგან 248 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, ჰონდურასმა და ელ სალვადორმა კი – 175 და 115 მილიონი აშშ დოლარი.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის თანხის მიწოდებას შეუწყვეტს ამ ქვეყნებს. როგორც BBC წერს, ჯერჯერობით ბუნდოვანია, შესაძლებელია თუ არა, პრეზიდენტმა ასეთი ტიპის ბრძანება გასცეს.

ტრამპის ზემოთ ჩამოთვლილი განცხადებები ემთხვევა 2018 წლის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. ახლაც, როგორც 2016 წელს, ტრამპი იმიგრაციას ასახელებს მთავარ გამოწვევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი