გაზის კომპანიები სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვენ

ყაზტრანგაზმა, საქორგგაზმა და სოკარ ჯორჯია გაზმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაცია რუსთავი 2-თან საუბრისას სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ დაადასტურა.

ირინა მილორავას განმარტებით, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი, დამოკიდებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ კომპანიების ტარიფების დადგენაზე, რომელიც 2018 წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

გასულ წელს სემეკმა ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის ტარიფები 2020 წლის ჩათვლით დაადგინა. ირინა მილორავას თქმით, თუ კომპანიები ჩათვლიან, რომ გარკვეული არსებითი ცვლილებები შევიდა იმ მოცემულობაში, რომელიც სემეკმა საფუძვლად დაუდო ტარიფის დათვლას, მათ უფლება აქვთ, სატარიფო განაცხადით მიმართონ მარეგულირებელ კომისიას.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ თუ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას, ენერგოკომპანიებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ისინი დოლარში ყიდულობენ გაზს და საქართველოს მოსახლეობისთვის ლარში ყიდიან:

“ასევე, გარკვეული პრობლემები შეიქმნება უკვე შემოტანილ ელექტროენერგიაზე, რომელსაც ახლა საკმაოდ ნორმალურ ფასად ვყიდულობთ (ამერიკულ ცენტებში), თუმცა მოსახლეობა მასაც ლარებში ღებულობს. ამ შემთხვევშიც, თუ სერიოზული კატასტროფა მოხდა ლართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შემოტანილ ელექტროენერგიაზეც გარკვეული პრობლემები შეიქმნება.”

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ გარდაუვალია ტარიფების რეგულარული გადახედვა და გაზრდა, რადგან ლარი განაგრძობს ყოველდღიურად გაუფასურებას. მისი თქმით, ენერგეტიკა ხდება ქვეყნის ტვირთი და პირველ რიგში ეს ეხება გაჭირვებულ მოქალაქეებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, თუ ლარის კურსი განაგრძობს ვარდნას და სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდება, ქართული ოცნება ნამდვილად აღარ იქნება ხელისუფლებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.