ახალი ამბები

საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს – TI

23 ოქტომბერი, 2018 • 1366
საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს – TI

საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა გადაამოწმოს, რამდენად სრულად ავსებენ თანამდებობის პირები დეკლარაციებს და ხომ არ აქვთ მათ უკანონო შემოსავლები. ამ მოწოდებით ბიუროს მიმართავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ სიუჟეტზეა საუბარი, რომელიც თანამდებობის პირების ძვირადღირებულ ქონებას ეხებოდა. TI მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია საყურადღებო უნდა იყოს საჯარო სამსახურის ბიუროსთვის, რადგან ჩნდება კითხვები, რამდენად სრულად აქვთ თანამდებობის პირებს დეკლარირებული ქონება და შემოსავლები.

“მართალია, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი აქვთ თანამდებობის პირთა საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მხრივ, მაგრამ ზემოხსენებულ კითხვებზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა მხოლოდ იმ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ თანამდებობის პირთა ქონებისა და შემოსავლების კანონიერების შესამოწმებლად საჭირო ყველა სახის ინფორმაციაზე,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო უწყებას 2017 წელს ამოქმედებულ მონიტორინგის სისტემას ახსენებს, რომლითაც დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ანუ მონიტორინგის სისტემის საშუალებით  ბიურომ უნდა გამოავლინოს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციული დარღვევები.

TI-ის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს ამ დრომდე  არ შეუქმნია დამოუკიდებელი კომისია, რომელიც “განსაკუთრებული კორუფციული რისკისა” და “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” გათვალისწინებით შესამოწმებლად შეარჩევდა თანამდებობის პირთა დეკლარაციებს.

“შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ეს მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანზიმი დღემდე არ ამოქმედებულა,” – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი