სამტრედიაში დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

სამტრედიაში აკუმლატორების ქურდობის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი დეპუტატ გიორგი კახიანის სახლის გაქურდვაშიც არის ბრალდებული.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სამტრედიაში მომხდარი ორი ქურდობის საქმის გახსნის შესახებ. უწყების ცნობით, სამტრედიაში ავტომანქანებიდან აკუმულატორების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, აქედან ერთ-ერთმა, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევმა ლ. ჭ-მა სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში “ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა”.

როგორც აღმოჩნდა, ეს მოქალაქე დეპუტატ გიორგი კახიანია, რომელმაც “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სამტრედიაში აკუმლატორის ქურდობისა და მისი სახლის გაქურდვის ბრალდებით ერთი და იგივე პირია დაკავებული.

“სამტრედიის მუნიციპლაიტეტში, სოფელ ეწერში, მაქვს სანათესავო სახლი, რომელიც ჩემს გარდა, ჩემი ბიძაშვილების საკუთრებაა. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სახლში ფანჯარა იყო გატეხილი. წაღებულია ძველი ტელევიზორი, რომელსაც დიდი მატერიალური ღირებულება არ ჰქონდა, თუმცა თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, არის არასასიამოვნო”, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ოპერატიულად იმუშავეს და ქურდობაში ბრალდებული მომხდარიდან ორ-სამ დღეში დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი