სამტრედიაში ავტომანქანებიდან აკუმულატორების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქურდობის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ. კ., 1968 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. მ. და 1983 წელს დაბადებული წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ლ. ჭ. ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ცნობით, სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლ.ჭ-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.