ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატები დისკრიმინაციული განცხადებებით – MDF -ის კვლევა

22 ოქტომბერი, 2018 • 2352
პრეზიდენტობის კანდიდატები დისკრიმინაციული განცხადებებით – MDF -ის კვლევა

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადებით “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი კახა კუკავა ლიდერობს. მათივე ცნობით, კუკავას განცხადებების უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული. მონიტორინგის პერიოდში მედიით, ჯამში, გაშუქდა 49 დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება.

MDF -ის მედიამონიტორინგში კუკავას 19 დისკრიმინაციული განცხადება მოხვდა. მათ შორის არის მის მიერ “ობიექტივის” ეთერში 6 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ საქართველოში მიგრანტების ტალღა ეთნიკური ქართველებს უმცირესობად აქცევს.

დისკრიმინაციული განცხადებებით, MDF-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის ლეიბორისტი კანდიდატი შალვა ნათელაშვილიც გამოირჩეოდა. მონიტორინგში მოხვდა ნათელაშვილის 9 კომენტარი, რომლებიც MDF-ის ცნობით, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და თურქოფობიური შინაარსის იყო. მაგალითად, 30 აგვისტოს რუსთავი 2-ის ეთერში ნათელაშვილმა თქვა, რომ ქართულ მიწებს უცხოელები ეპატრონებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარით ნათელაშვილი მე-2 ადგილზეა.

წყარო: მედიის განვითარების ფონდი

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკვლევ პერიოდში ერთი ქსენოფობიური განცხადება გააკეთა- ზურაბიშვილის მიერ ჩინელებზე გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ “ჩინელები არ კვდებიან”, “როცა გგონია, რომ ათი შემოვიდა, სინამდვილეში ასია”.  MDF-ის მონიტორინგში ეს განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში 4 ოქტომბერს გასულ მასალად გვხვდება, თუმცა ზურაბიშვილმა ჩინელებთან დაკავშირებით 2013 წელს Facebook-ზე დაწერა.

ქსენოფობიური განცხადების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა ზურაბიშვილის მიერ ეთნიკურ სომხებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებაც.

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრაზე მყოფ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

ამ განცხადებას MDF შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს, თურქებისგან განსხვავებით, აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა.

ჯამში, ორგანიზაციის ცნობით, ზურაბიშვილმა ერთი ქსენოფობიური და ორი ქსენოფობიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივების შემცველი განცხადება გააკეთა.

მედიამონიტორინგის მიხედვით, სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებები ასე გამოიყურება:

  •  ბესარიონ თედიაშვილი – 7
  •  გიორგი ანდრიაძე – 5
  • კახაბერ ჭიჭინაძე – 4
  • გელა ხუციშვილი – 2

MDF-ის ინფორმაციით, მონიტორინგის პერიოდში მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძესა და “ევროპული საქართველოს”კანდიდატ დავით ბაქრაძეს არცერთი დისკრიმინაციული განცხადება არ გაუკეთებიათ.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული სიძულვილის ენისა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის მედიამონიტორინგის შედეგები დღეს, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მონიტორინგის პერიოდში დაკვირვება ხდებოდა როგორც საარჩევნო სუბიექტებზე, ასევე, პოლიტიკურ პარტიებზე.

მათივე განცხადებით, მონიტორინგი 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის პერიოდში დაკვირვება ხდებოდა 5 ტელევიზიაზე, 7 ონლაინ გამოცემასა და 4 გაზეთზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი