ახალი ამბები

ივანიშვილს შეკითხვებს ჩიხლაძე, კვესიტაძე და ტრაპაიძე დაუსვამენ

22 ოქტომბერი, 2018 • 7002
ივანიშვილს შეკითხვებს ჩიხლაძე, კვესიტაძე და ტრაპაიძე დაუსვამენ

ბიძინა ივანიშვილს კითხვებს ტელეკომპანია  “იმედიდან” ირაკლი ჩიხლაძე, ტვ “პირველიდან” დიანა ტრაპაიძე,   რუსთავი 2-დან კი ეკა კვესიტაძე დაუსვამენ. “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ინტერვიუ 23 ოქტომბერს, 22.00 საათზე გავა ეთერში.

თავდაპირველად ივანიშვილმა ინტერვიუზე მიიწვია სამი ყველაზე რეიტინგული არხის სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები: ირაკლი ჩიხლაძე, გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია, თუმცა ივანიშვილის მიწვევას მხოლოდ “იმედის” ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დათანხმდა.

ინგა გრიგოლიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ინტერვიუში მონაწილეობას თავად ვერ მიიღებს, რადგან ამ დროს ეთერში მისი გადაცემა გადის. ჟურნალისტი განმარტავს, რომ სარეკლამო ვალდებულებებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, მისი გადაცემა ეთერში უნდა გავიდეს.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დიანა ტრაპაიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ინგა გრიგოლიას ნაცვლად ივანიშვილთან ინტერვიუში თავად მიიღებს მონაწილეობას.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ 3 ჟურნალისტთან დაგეგმილ ინტერვიუს დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა აქვს და ამიტომ “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს.  გვარამიას განცხადებით, ივანიშვილთან ინტერვიუზე “კვირის აქცენტების” წამყვანს, ეკა კვესიტაძეს შეუძლია მისვლა, თუკი ამას მმართველი პარტიის ლიდერი დათანხმდება.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის მისაღებია ტელევიზიების მიერ შეთავაზებული ჟურნალისტები და დაგეგმილი ინტერვიუ სწორედ ამ ჟურნალისტების მონაწილეობით გავა ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი