ახალი ამბები

გაბუნიას გადაცემა აქვს, შეგვიძლია ივანიშვილთან ინტერვიუზე კვესიტაძე გავგზავნოთ – გვარამია

22 ოქტომბერი, 2018 • 7472
გაბუნიას გადაცემა აქვს, შეგვიძლია ივანიშვილთან ინტერვიუზე კვესიტაძე გავგზავნოთ – გვარამია

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ 3 ჟურნალისტთან დაგეგმილ ინტერვიუს დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა აქვს და ამიტომ “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ივანიშვილთან ინტერვიუზე “კვირის აქცენტების” წამყვანს, ეკა კვესიტაძეს შეუძლია მისვლა, თუკი ამას მმართველი პარტიის ლიდერი დათანხმდება.

ივანიშვილის მიერ შეთავაზებული ფორმატი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისთვის მიუღებელია.

ნიკა გვარამიას განცხადებით, გაუგებარია, რატომ არის მიწვეული მხოლოდ 3 ტელეკომპანია და რატომ არ არის მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ან “კავკასია.”

როგორც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ არ გადაიცემა მათი არხის პირდაპირ ეთერში. ნიკა გვარამია თავად ეპატიჟება ყოფილ პრემიერს მწვავე კითხვებზე საპასუხოდ “კვირის აქცენტებში”.

“გიორგი გაბუნიას აქვს ხვალ საავტორო გადაცემა “არჩევანი,” შესაბამისად, იგი ვერ შეძლებს ამ შეხვედრაზე ყოფნას. თუ შეთავაზება ისევ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე.

ამას გარდა, ძალიან უხერხულია, როდესაც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არ არის მიწვეული. დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ ამ არხის, მაგრამ უხერხულია უბრალოდ და ასევე სხვა არხებიც, რატომ არ არის, მაგალითად, “კავკასია” და ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც, თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და ვინმეს შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინტერესოდ, მათ შორის ნინო ჯანგირაშვილიც არის. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ძალიან გვაღელვებს.

ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ – ლაივი, ცხადია, არ იქნება. არ არის ინტერესის სფერო, ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი “ჰარდ თოქი” – ეს არის “კვირის აქცენტები.” მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის“,- – აცხადებს ნიკა გვარამია.

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე თანახმაა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ინტერვიუში მიიღოს მონაწილეობა. ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ინტერვიუში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამ დროს ეთერში მისი გადაცემა გადის, ხოლო არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, დიანა ტრაპაიძის თქმით, ვინ მიიღებს მონაწილეობას მათი მხრიდან ივანიშვილთან დაგეგმილ ინტერვიუში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ივანიშვილთან ინტერვიუ: იმედი თანახმაა, რ2-ისა და “პირველის” პოზიცია ჯერ უცნობია

ივანიშვილთან ინტერვიუ: იმედი თანახმაა, რ2-ისა და “პირველის” პოზიცია ჯერ უცნობია

მასალების გადაბეჭდვის წესი