ტერიტორია ჩუღურეთში, სადაც m2-ს მშენებლობის დაწყება სურს და პროტესტი

ჩუღურეთში, ნინოშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში სამშენებლო კომპანია m2 ცენტრ-პოინტთან შეთანხმების საფუძველზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას სარეკრეაციო სივრცეებთან ერთად გეგმავს, სადაც პროექტის მიხედვით, შენობა-ნაგებობების მაქსიმალური სიმაღლე 7 სართული უნდა იყოს.

მოქალაქე ირაკლი მურღულია ერთ-ერთია, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს და ვისაც მიაჩნია, რომ ქალაქის მერიამ აქ არათუ მშენებლობის ნებართვა უნდა გასცეს, არამედ მთლიანად სარეკრეაციო ზონა გააშენოს.

როგორც ის ქალაქის ურბანული განვითარების სამსახურისთვის მიწერილ განცხადებაში განმარტავს, ტერიტორია, რომელიც დღეს უფუნქციოა, ერთადერთი შანსია იმისთვის, რომ ახლომდებარე სახლებში მცხოვრებ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრებისადმი ინტერესი გაუჩნდეთ.

“ძალზედ მნიშვნელოვანია ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა, აღვადგინოთ სპორტული კომპლექსი. აქ ჯერ კიდევ არსებობს საკალათბურთო დარბაზი, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება და ყოფილი 35-ე სკოლის მოედანი, სადაც თავისუფლად ეტევა ერთი სტანდარტული ან ორი სავარჯიშო მოედანი რაგბი/ფეხბურთისთვის. ეს სპორტული კომპლექსი მოემსახურებოდა დიდუბის, ოქროსუბნის, ჩუღურეთისა და მიმდებარე უბნების მოსახლეობას.

მერიის მხარდაჭერის შემთხვევაში იდეის განსახორციელებლად მზადაა როგორც რაგბის, ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციები თავისი ბიუჯეტით, ისე კერძო სექტორიც და თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარული თანამონაწილეობით”, – წერს ირაკლი მურღულია თავის განცხადებაში.

ამავე მიმართვაში ვკითხულობთ, რომ ტერიტორიას მოქმედი გენერალური გეგმით სპორტული მოედნის ნაწილში რეკრეაციული ზონა-1-ის სტატუსი აქვს, ხოლო სპორტული დარბაზის მონაკვეთში-  საცხოვრებელი ზონის სტატუსი.

როგორც მურღულია წერს, შეთანხმების სტადიაში მყოფი გენგეგმის პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის მმართველობამ მოიწონა და წარადგინა ქალაქის ჯანსაღ განვითარებაზე ორიენტირებულ დოკუმენტად, მოცემულ მიწის ნაკვეთზე სრულად ვრცელდება სარეკრეაციო ზონა-2-ის სტატუსი.

რაც შეეხება თავად m2-ს, მან მერიაში  საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მისაღებად საჭირო განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა.

როგორც კომპანია განმარტავს, ტერიტორიაზე, ფართობით 15913 კვ/მ. რაიმე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობა და ობიექტი არ არის განთავსებული. სწორედ აქ კომპანია გეგმავს „m2 უძრავ ქონებასა” და კომპანია „ცენტრპოინტის“ შორის დადებული მემორანდუმის შესრულებას.

ზემოხსენებული მემორანდუმი ითვალისწინებს “ცენტრპოინტის” მიერ წამოწყებული გაჩერებული მშენებლობების დასრულებას და 4000 მდე ბინათმესაკუთრის დაკმაყოფილებას.

“m2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც ცენტრ-პოინტი დაიქირავებს. სანაცვლოდ კი ცენტრ-პოინტი m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს

აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოდან გარკვეული ვალდებულების სანაცვლოდ უნდა გადასცემოდა ცენტრპოინტს. აღნიშნული ვალდებულება ცენტრპოინტის მიერ იქნა შესრულებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით მიწა უნდა გადავიდეს ცენტრპოინტის საკუთრებაში და გამოყენებული იქნას იმ პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც 4000-მდე ბინათმესაკუთრის დაუმთავრებელი მშენებლობის პრობლემა შეადგენს”, – განმარტავს კომპანია. თანაც დასძენს, რომ  m2-მა შეიმუშავა სოციალური პრობლემის გადაჭრის გეგმა, რომელიც მოთხოვს კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას.

 

 

კომპანია m2-ის საპროექტო დოკუმენტები

სამშენებლო კომპანია ამბობს, რომ ტერიტორიაზე 45000 კვ/მ-მდე ფართის განაშენიანება სურს. 45000 კვ/მ-დან, კომპანიის თქმით,  3500 კვ/მ-მდე დაეთმობა სკვერს, ხოლო კიდევ 3000 კვ/მდე – საზგოადებრივ სივრცეს: პიაცას ტიპის მოედანს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს.

m2-ის გეგმას ეწინააღმდეგება სამოქალაქო მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა. ასევე ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელმაც კახა კალაძეს ღია წერილით მიმართა. პარტიზანული მებაღეობა საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, წარსულში თავად მუშაობდა m2-ში.

“ეს ტერიტორია ათწლეულების მანძილზე იყო სპორტული კომპლექსი, რომელსაც უბნის მოსახლეობა სარეკრეაციოდ იყენებდა, სანამ მას საბოლოოდ გაანადგურებდნენ. მოქალაქეები დღემდე მოითხოვენ ამ შესაძლებლობის მათთვის დაბრუნებას – მათ ბოლო თვეებში 500-მდე ხელმოწერით მერიას და ამდენივე ხელმოწერით საკრებულოს მიმართეს აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით, რადგან იმედი აქვთ თქვენი დაპირებისა საქალაქო გამწვანებული სივრცეების განვითარების შესახებ…

…გთხოვთ, ყური უგდოთ მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, არ დაუშვათ ასეთი დავალების გაცემა და გადადგათ ნაბიჯები ამ ადგილზე პარკის მოსაწყობად. ეს იქნება საწინდარი „პლეხანოვის“ უბნის კომპლექსური გაჯანსაღებისა, რაც შესაძლოა თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის საპილოტე ღონისძიებად იქცეს”, – წერს ზურაბ ბაქრაძე ღია წერილში კალაძის მიმართ.

ნეტგაზეთმა მიმართა თბილისის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპისთვის ტერიტორიაზე არავითარი ნებართვა გაცემული არ არის. თუმცა, ალექსანდრე ტოგონიძე კომპანიაში მართლაც მუშაობდა.

რაც შეეხება, კომპანიის მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მიღებას, აღნიშნულ საკითხი მერიაში ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. 

m2-ის გეგმას თავად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გარეკანი ფოტო: პარტიზანული მებაღეობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან