ახალი ამბები

ზურაბიშვილის წიგნის საპასუხოდ, “ოცნება” ბაქრაძეს PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერას ახსენებს

22 ოქტომბერი, 2018 • 3075
ზურაბიშვილის წიგნის საპასუხოდ, “ოცნება” ბაქრაძეს PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერას ახსენებს

საპარლამენტო უმრავლესობა “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც დღეს ისაუბრა ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ  სალომე ზურაბიშვილის ციტატების წარდგენის შესახებ, საპასუხოდ ახსენებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის ყველაზე დამაზიანებელი სწორედ 2008 წელს მიღებული რეზოლუციის ტექსტია.

“ყველაზე მეტად, რაც ჩვენ გვაზიანებს და ყველაზე პრობლემური ჩვენთვის რაც არის, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩანაწერი, რომელსაც მხარი დაუჭირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და პირადად დავით ბაქრაძემაც, როგორც დელეგაციის წევრმა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის ყველაზე არასახარბიელო ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, პირველ რიგში ეს გაიხსენონ, ჯობია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო დავას ჰააგაში, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი სასამართლო, რომელიც ომთან დაკავშირებულ მოვლენებს იძიებს, არის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც “საქართველოს წარდგენილი აქვს ყველა მტკიცებულება მაღალი ხარისხით და ქვეყანას საკმაოდ მყარი პოზიციები გააჩნია”.

რუსეთის ფედერაციამ, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და საქართველოს საწინააღმდეგოდ, სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები დასტურად მოიყვანა  2008 წელს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. მაშინ ICJ-მა საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი განაცხადა.

PACE-ს რეზოლუცია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელზეც თამარ ჩუგოშვილი მიუთითებს, საქართველოსთვის პრობლემურია მე-5 მუხლი, რომელშიც ვკითხულობთ:

“თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით”.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ქართული ოცნება” წინამორბედ ხელისუფლებას აკრიტიკებს PACE-ს 2008 წლის რეზოლუციის მხარდაჭერის გამო. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ რეზოლუციის მე-5 მუხლი მართლაც პრობლემურია, თუმცა ამბობენ, რომ დანარჩენი ტექსტი საქართველოსთვის სრულიად მისაღები იყო, განსაკუთრებით, მე-4 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ომის დაწყება იყო მანამდე დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაძაბულობის ესკალაციის შედეგი, თანმდევი პროვოკაციებითა და ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით.

“2008 წლის ომი ახალი დასრულებულია. რუსეთმა აღიარა ტერიტორიების დამოუკიდებლობა. რუსული ჯარი ჯერ ისევ ჩვენს ტერიტორიაზეა. რუსეთი ყველგან ამტკიცებს, რომ გენოციდი მოაწყო საქართველომ, ომი დაიწყო საქართველოს მთავრობამ, რომ იყო ეთნიკური კონფლიქტი ოსებს და ქართველეობს შორის და რომ რუსეთი არის მშვიდობისმყოფელი… ამ დროს, უზარმაზარი წნეხის მიუხედავად, პირველად ვიღებთ რეზოლუციას საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელშიც ევროსაბჭო:

    • ამბობს, რომ რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია!
    • გმობს დამოუკიდებლობის აღიარებას!
    • ამბობს, რომ არ მომხდარა გენოციდი!
    • ამბობს, რომ მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა!
    • ამბობს, რომ იყო ორ სახელმწიფოს შორის ომი და არა შიდა ეთნიკური კონფლიქტი!
    • მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს ჯარები
    • აკეთებს უმწვავეს შეფასებებს ჰუმანიტარულ და სხვა თემებზე!
    • ამას აკეთებს პირველად და ეს ხდება 2008 წლის ოქტომბერში.

ამ რეზოლუციაში ნამდვილად არის არასასიამოვნო მე-5 პარაგრაფი, რომელშიც წერია, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი დონე. ოღონდ წინა, მე-4 პარაგრაფში წერია, რომ კონფლიქტი ადრე დაიწყო, ვიდრე 7 აგვისტოს. დიახ, მე-5 პარაგრაფში წერია, რომ ქართულმა მხარემ არაპროპორციულად გამოიყენა ძალა, როდესაც კასეტური იარაღი გამოიყენა. ოღონდ ეს არც არასოდეს უარუყვია ქართულ მხარეს. ოსლოს კონვენციას მაგიტომაც არ ვუერთდებოდით, რომ ამნაირ სიტუაციაში კასეტური იარაღის გამოყენების უფლება შეგვენარჩუნებინა. ოღონდ, იქვე წერია, რომ ეს ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა”, – განმარტავდა “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ Facebook პოსტში.

დეპუტატის და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, საქართველოს დელეგაცია შეეცადა ამ პარაგრაფის შეცვლას, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან რუსებიც მუშაობდნენ, ხოლო საბოლოოდ, რეზოლუცია იმდენად მძიმე აღმოჩნდა რუსებისთვის, რომ მათ პროტესტის ნიშნად  დატოვეს დარბაზი, ხოლო ქართულმა დელეგაციამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი