ახალი ამბები

ივანიშვილთან ინტერვიუ: იმედი თანახმაა, რ2-ისა და “პირველის” პოზიცია ჯერ უცნობია

22 ოქტომბერი, 2018 • 6209
ივანიშვილთან ინტერვიუ: იმედი თანახმაა, რ2-ისა და “პირველის” პოზიცია ჯერ უცნობია

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე თანახმაა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ინტერვიუში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ჟურნალისტმა “ნეტგაზეთს” განუცხადა. ირაკლი ჩიხლაძე განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეთავაზების შესახებ  განცხადებიდან გაიგეს.

რაც შეეხება რუსთავი 2-ს, არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიის პოზიცია დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ივანიშვილი ინტერვიუზე იწვევს სამი ყველაზე რეიტინგული არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს. გვარამიასთვის მიუღებელია კონკრეტული ჟურნალისტის მიწვევა ინტერვიუზე. მისი თქმით, არხი თავად გადაწყვეტს, რომელ ჟურნალისტს გაგზავნის ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე.

“ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე – ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე? რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროებს”,-წერს ნიკა გვარამია.

23 ოქტომბერს, 22.00 საათზე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე, გიორგი გაბუნიასა და ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც მიწვეულია. გრიგოლიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ინტერვიუში მონაწილეობას თავად ვერ მიიღებს, რადგან ამ დროს ეთერში მისი გადაცემა გადის. ჟურნალისტი განმარტავს, რომ სარეკლამო ვალდებულებებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, მისი გადაცემა ეთერში უნდა გავიდეს.

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, დიანა ტრაპაიძის თქმით, ვინ მიიღებს მონაწილეობას მათი მხრიდან ივანიშვილთან დაგეგმილ ინტერვიუში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

23 ოქტომბერს, 22.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მასთან ინტერვიუზე იწვევს სამი ყველაზე რეიტინგული არხის სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან, „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი