ახალი ამბებიკომენტარი

“ოცნების” მეტროსადგურების პროექტი ძალიან არარეალისტურია – ელისაშვილი

22 ოქტომბერი, 2018 • 4148
“ოცნების” მეტროსადგურების პროექტი ძალიან არარეალისტურია – ელისაშვილი

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ მეტროსადგურების მშენებლობის პროექტს “ძალიან არარეალისტურს” უწოდებს. მამუკა ბახტაძისა და კახა კალაძის მიერ დღეს წარდგენილ მეტროსადგურების პროექტის შეფასება თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ნეტგაზეთმა სთხოვა.

ალექსანდრე ელისაშვილი მმართველი პარტიის ლიდერებს “კომპეტენციის აღრევის” გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, რომელი მეტროსადგური სად იქნება თბილისში, ამაზე ქალაქის არჩეული მერი უნდა საუბრობდეს და არა პრემიერ-მინისტრი, რომელიც სხვა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული.

გასულ წელს, თბილისის მერის არჩევნებამდე, ალექსანდრე ელისაშვილმა დედაქალაქის მერიას მეტროს განვითარების ვრცელი დოკუმენტი გაუგზავნა, თუმცა, მისი თქმით, ყურადღება არ მიაქციეს. ალეკო ელისაშვილი გლდანში, მარჯანიშვილზე და თავისუფლების მოედანზე თითქმის დასრულებული და დაპროექტებული სამუშაოების დამთავრებას უჭერს მხარს.

“მარჯანიშვილის მეტროს ამოსასვლელი არის თითქმის დამთავრებული, ეზოში ამოდის პირდაპირ; გლდანში, ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელი 95% მზადაა და ის რომ ამოქმედდეს, ძალიან განიტვირთება მეტროსადგურთან არსებული კვანძი გლდანში. მეორე ამოსასვლელი უნდა დაემატოს თავისუფლების მეტროს, რომელიც უკვე დაპროექტებულია.

აქ არის რიგითბის ამბავი – რაში უნდა გაისროლო და დახარჯო ფული… ჯობია, იმაში დახარჯო, რაც თითქმის დამთავრებული გაქვს და უზარმაზარ შვებას მოგცემს. კი, რუსთავი და თბილისი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს და ეს მარტო სამარშრუტო ტაქსებით არ უნდა მოხდეს, მაგრამ ესაა ახლა პირველი რიგის ამოცანა, თუ ის პროექტები, რომელიც არის უკვე პრეზენტირებული?” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი შიშობს, რომ “ისეთივე მკვდარშობილი პროექტი არ მივიღოთ, როგორც აეროპორტში გაყვანილი რკინიგზის ხაზია”:

“ამაში უზარმაზარი ფული ჩაათხლიშა სააკაშვილმა და რეალურად არ ფუნქციონირებს. მგონი, პერსონალიც კი აღარ დადის აეროპორტში გაყვანილი მეტროს ხაზით. ასეთი რაღაც რომ არ მოხდეს, ამას უფრო სერიოზული და სიღრმისეული პრეზენტაცია უნდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი არგუმენტებია – რაც არის უკვე თითქმის დამთავრებული თბილისში და რაც ძალიან დიდ ეფექტს მოგვცემდა, იმაზე იმუშაოს მთავრობამაც და ქალაქმაც, ვიდრე ამ პროექტზე.

ჩემი გუნდის ძალიან მაგარმა პროფესიონალებმა გააკეთეს დოკუმენტი “მეტროს შესაძლებლობები და პერსპექტივები”, რომელიც გავუგზავნეთ თბილისის მერიას, სადაც პირდაპირ ვლაპარაკობთ, რა არის პირველი ჯერის ამოცანა და რა – მეორე. მე უბრალოდ კოორდინატორი ვიყავი ამ სამუშაოსი, თორემ ეს ჩემი სამუშაო არ იყო; მე არ მაქვს იმდენი პროფესიონალიზმი, რომ მეტროს პერსპექტივებზე ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ექსპერტები გვყავდა. იმათმა დაწერეს, რომ პირველი ჯერის ამოცანაა ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის და მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელის გახსნა, ასევე, თავისუფლების მოედნის მეორე ამოსასვლელის პროექტირების და სამუშაოების გაგრძელება. ეს არის ქალაქის მეტროს პირველი რიგის ამოცანა”, – ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.

როგორც თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გვითხრა, არ იცის, რომელი სპეიალისტები იღებდნენ მონაწილეობას ახალი მეტროსადგურების პროექტირებაში და რაზე დაყრდნობით საუბრობენ მმართველი პარტიის ლიდერები:

“ვვარადუდობ, როგორიც არის ოცნება, რაღაც ზღაპრებს რომ ყვება ხოლმე, ისეთი ამბავია… ხომ გახსოვთ, კოპიტნარიდან რკინიგზა რომ უნდა გაეყვანათ? დაახლოებით ამას მაგონებს ეს ყველაფერი.”

“ოცნების” მეტროსადგურების 2-ეტაპიანი პროექტი:

  • დღეს, 22 ოქტობმერს, საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ეკოტრანსპორტის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხდა, რომ სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება.
  • თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თბილისში მიწისზედა მეტროს ხაზების გაყვანა იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნული ხაზი პირველ ეტაპზე მეტრო სამგორის სადგურს აეროპორტთან და ლილოს ბაზრობასთან დააკავშირებს, ხოლო მეორე ეტაპზე თბილისისა და რუსთავის მიწისზედა მეტროს საშუალებით დაკავშირებაც იგეგმება.

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მიწისზედა მეტროსადგურები აშენდება – ბახტაძე

აეროპორტი და ლილოს ბაზრობა – სადამდე მივა ახალი მიწისზედა მეტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი