ახალი ამბები

ელექტორომობილებისთვის ახალი ზონალურ-საათობრივი პარკინგი უფასო იქნება

22 ოქტომბერი, 2018 • 1804
ელექტორომობილებისთვის ახალი ზონალურ-საათობრივი პარკინგი უფასო იქნება

ელექტრომობილებისთვის ზონალურ-საათობრივი მუნიციპალური პარკინგები უფასო იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე განმარტავს, რომ ელექტრომობილების ხელშეწყობით მერია ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტი წაახალისოს.

„ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ელექტრომობილები, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს ან მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლო, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება, აქედან დაახლოებით 50% არის 20 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება.

„ეს ძალიან ცუდი რიცხვებია და იმ ნაბიჯებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ელექტრომობილების შემოსვლას ქართულ ბაზარზე. ამაში იქნება ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის – “მწვანე პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციის შესახებ ისაუბრა.

მომდევნო წლიდან თბილისის მერია დედაქალაქში საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემის დანერგვას აპირებს.

თბილისში პარკინგი გაძვირდება – მერია საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღებას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი