ახალი ამბები

საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობას აღიარებს

22 ოქტომბერი, 2018 • 2313
საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობას აღიარებს

საუდის არაბეთი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობას აღიარებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ ჯუბიერმა “ფოქს ნიუსს” უთხრა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა “უზარმაზარი შეცდომა იყო”. რაც შეეხება ქვეყნის პრინცი,ს მუჰამად ბინ სალმანის მონაწილეობას ხაშოკჯის მკვლელობაში, მინისტრი ამ ინფორმაციას უარყოფს.

“გვსურს გამოვიკვლიოთ დეტალები და დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც მის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებელნი”, – ამბობს ადელ ალ ჯუბიერი.

მანამდე საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჟურნალისტს შელაპარაკება მოუვიდა სტამბოლში არსებულ საუდის არაბეთის საკონსულოში მყოფ პირებთან, რა დროსაც კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ფატალურად დასრულდა.

როგორც საუდის არაბეთი აცხადებს, მომხდარის გამო 5 ოფიციალური პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა და ქვეყნის 18 მოქალაქე დააკავეს. თანამდებობიდან მოხსნილთა შორის არიან ქვეყნის მემკვიდრე პრინცის, მუჰამად ბინ სალმანის მრჩეველი და სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი ბოლოს სტაბმოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს. იგი Washington Post-ის მესვეტე და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდელ პრინც მუჰამად ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში დაღუპული ჟურნალისტის საქმეზე სრულიად განსხვავებულია თურქული მხარის ვერსია – ანკარა ირწმუნება, რომ ხაშოკჯი მოკლეს, ოპერაციაში მონაწილეობა კი საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩასულმა 15 ადამიანისაგან  შემდგარმა ჯგუფმა მიიღო.  თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ისინი საუდის არაბეთის თავდაცვის უწყების თანამშრომლები არიან, ნაწილს კი უშუალო კავშირები აქვს მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანთან.

ანკარა ასევე აცხადებს, რომ მკვლელობის შემდეგ, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და თურქეთის ხელისუფლებას ამ ფაქტის დასადასტურებლად აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებიც აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი