ახალი ამბები

ზურაბიშვილის ციტატები, რომელიც რუსეთმა ჰააგაში წარადგინა

22 ოქტომბერი, 2018 • 24048
ზურაბიშვილის ციტატები, რომელიც რუსეთმა ჰააგაში წარადგინა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სარჩელის საპასუხოდ წარდგენილ წინასწარ შესაგებელში რუსეთის ფედერაციამ სხვა არგუმენტებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც დაიმოწმა. ეს არის საქმე, რომელიც ჰააგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

რუსეთის ფედერაციამ ზემოხსენებულ საქმეში სალომე ზურაბიშვილის ციტატები იმის დასტურად მოიყვანა, რომ საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდა.

აღწერს რა 2004 წლიდან ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მოვლენების განვითარებას, რუსული მხარე ამბობს, რომ “საქართველომ ცხინვალის წინააღმდეგ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზნები აღწერილია მათივე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ”, და მოჰყავს შემდეგი ციტატა სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წელს პარიზში გამოცემული წიგნიდან “La tragédie géorgienne 2003-2008”.  ქვემოთ მოყვანილი ციტატა რუსეთის მტკიცებით, 2004 წლის ივნისს ეხება:

“პროვოკაციების კვალდაკვალ დაძაბულობა იზრდება. ეროვნული უშიშროების საბჭოში შეხვედრა შეხვედრაზე იმართება. თავდაცვის მინისტრი ხსნის, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ გვჭირდება ცხინვალის აღება. სტრატეგია ნათელია: სამი საათია საჭირო სიმაღლეების დასაკავებლად და ვინც აკონტროლებს სიმაღლეებს, აკონტროლებს ცხინვალს”.

რუსეთის შესაგებელ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან რამდენიმე ციტატაა მოყვანილი, მათ შორის ერთ-ერთში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2007 წლიდან საქართველოში ორმაგი ეროვნების – საქართველოსა და ისრაელის – თავდაცვის მინისტრის დანიშვნა ემთხვევა თავდაცვის ბიუჯეტისა და მილიტარიზაციის ზრდას საქართველოს მხრიდან.

“ომის რიტორიკა დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებაში დაუფარავი იყო. თავდაცვის პოლიტიკის ფასადის უკან, რომელიც მიმართული იყო ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ, ადგილი ჰქონდა შეიარაღების პოლიტიკას, რომელიც უფრო სამხედრო რევანშის განზრახვას შეესაბამებოდა“, – ეს არის სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ციტატა, რომელსაც რუსეთი იმოწმებს.

დავით ბაქრაძის ბრიფინგი

დოკუმენტები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან ჟურნალისტებს დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძემ წარუდგინა და იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ქმნის.

“მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არაერთგზის იყო დიკუსია იმაზე, რამდენად ხიფათის მომტანია ან შეიძლება იყოს ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ჩვენ მისი მხრიდან ვიხილეთ რამდენიმე მცდელობა, მოეხდინა საკუთარი განცხადებების ნიველირება, რომ თითქოს მას ასე არ უთქვამს. დღეს წარმოგიდგენთ ახალ ფაქტს, რომელიც ადასტურებს არა მხოლოდ იმას, რომ ეს განცხადებები შეიძლება სახიფათო იყოს საქართველოსთვის მომავალში, არამედ, თუ როგორ არის უკვე ზურაბიშვილის პოზიციები გამოყენებული ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. როგორც იცით, საქართველომ შეიტანა სარჩელი ჰააგაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ სარჩელთან დაკავშირებით რუსეთმა მოამზადა შესაგებებლი სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია ზურაბიშვილის ციტატები მისი წიგნიდან. ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებებს რუსეთი იყენებს, რომ გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების პასუხი

სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის საპასუხო განცხადების გაკეთება მოგვიანებით დააანონსა. მანამდე კი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა.

“ჰააგის თემას რაც შეეხება, ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ოპოზიციას აგვისტოს ომზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

„რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას [რუსთავი 2-ს], თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის” (CERD) დარღვევის გამო 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. საქართველო თავის განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2008 წლის 8 აგვსიტოს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სრულმასშტაბიანი შეიარაღებული ანექსია საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტების მხარდაჭერის მიზნით და ამ „სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით მოქალაქე, ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა საკუთრების ხელყოფასა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების იძულებით გასახლებას.“

თუმცა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შუამდგომლობა გაითვალისწინა და საქართველოს საჩივრის არსებით განხილვაზე უარი განაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ მხარეებს არ ამოუწურავთ დავასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ან კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების გზით გადაჭრის საშუალებები.

რა პრობლემის შექმნა შეუძლია გაპრეზიდენტების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი