შოტლანდიის მინისტრმა BBC-ის უარი უთხრა სტივ ბენონთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობაზე

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა უარი განაცხადა BBC-ის მიერ ჩანიშნულ კონფერენციაში მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად დონალდ ტრამპის ყოფილი მთავარი მრჩეველი, სტივ ბენონიც იყო მიწვეული.

სტარჯონი აცხადებს, რომ პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ბენონისათვის საკუთარი აზრების თავისუფლად ტირაჟირების შესაძლებლობის მიცემა “ულტრამემარჯვენე და რასისტული ხედვების ლეგიტიმაციას ახდენს”.

“ცალსახად მჯერა სიტყვის თავისუფლების, თუმცა როგორც შოტლანდიის პირველ მინისტრს, დაბალანსებული განსჯა მმართებს – მე არ მივიღებ მონაწილეობას რაიმე პროცესში, რომელიც ულტრამემარჯვენე და რასისტული ხედვების ლეგიტიმაციის რისკს ქმნის. ვწუხვარ, რომ BBC-იმ მე და სხვები ამ პოზიციაში ჩაგვაყენა”, – დაწერა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა “ტვიტერზე”.

საპასუხო განცხადებაში BBC აღნიშნავს, რომ ბენონი “ევროპის სამაუწყებლო გაერთიანებამ” მოიწვია, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორია. ტელეკომპანია ასევე აღნიშნავს:

“კარგი ჟურნალისტიკა ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის სამყაროში ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჟურნალისტიკა გულისხმობს მკაცრი კითხვების დასმასა და გაგებას, რა და რატომ ხდება მსოფლიოში.

…კონფერენცია ემსახურება ანალიზს დიდი საკითხებისა, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიოზე და ეს არ გულისხმობს ვინმეს ან რამის მხარდაჭერას”, – აცხადებს BBC.

ღონისძიების ორგანიზატორი “ევროპის სამაუწყებლო გაერთიანება” კი აცხადებს, რომ სტივ ბენონი “საკვანძო გავლენიანი პირია” პოპულიზმის გაძლიერების კუთხით.

როგორც ჩანს, მსგავსი არგუმენტი BBC-იმ ნიკოლა სტარჯონსაც წარუდგინა, რასაც შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ასევე საჯაროდ უპასუხა:

“იმეილი, რომელიც BBC-იმ ჩემს ოფისს გაუგზავნა, ბენონის მონაწილეობას იმით ამართლებდა, რომ ის “ძლიერი და გავლენიანი ფიგურაა და ანტი-ელიტურ მოძრაობას წარმართავს”. მსგავსი ენით აღწერა ხედვებისა, რომლებსაც ბევრი ფაშისტურად მიიჩნევს, მე მათი ნორმალიზების რისკს მიჩვენებს”.

სტივ ბენონი დონალდ ტრამპის მთავარი მრჩეველი იყო 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება ორმხირვი იყო. ბენონი ამერიკაში ულტრა-მემარჯვენე ახალი ამბების ვებგვერდის, “ბრეიბარტ ნიუსის” დამფუძნებელიცაა. ევრაზიული კავშირის იდეოლოგმა, რუსმა ექსპერტმა ალექსანდრე დუგინმა ის თავის დროზე “იდეოლოგიურ მოკავშირედ” დაასახელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან