ახალი ამბები

შსს: ჯაფარიძემ, სავარაუდოდ, გაასაღა ნარკოტიკული საშუალება

21 ოქტომბერი, 2018 • 1801
შსს: ჯაფარიძემ, სავარაუდოდ, გაასაღა ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო “გირჩის” მიერ ორგანიზებულ “კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს გაფრთხილება, თავი შეეკავებინათ “სამართალდარღვევის ჩადენის წახალისებისგან”, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ კი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება გაასაღა.

შსს-ს განცხადებით, “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში” დედაენის ბაღიდან ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში პოლიციის 8 მონაწილე გადაიყვანეს, ჩხრეკისა და გამოკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

“ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა”, – ამბობს შსს.

ასევე, უწყების ცნობით, 6 ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

ამჟამად, ყველა მათგანი თავისუფალია.

რაც შეეხება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს: შსს აცხადებს, რომ მან გაასაღა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.  გუშინდელის მსგავსად, უწყება  აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის მყოფი “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია პარტიამ უარყო:

“ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას”.

ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება 13 ოქტომბერს დაიწყო კანაფის/მარიხუანის შეძენა-შენახვა გასაღების მუხლით მას შემდეგ, რაც “გირჩმა” “კანაფის ლეგალიზების ფესტივალი” დააანონსა.

 


“გირჩის” მიერ ორგანიზებული“კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი”,  სადაც მარიხუანის  გაყიდვაც დაანონსდა, დღეს, 16:20-ზე, დედაენის ბაღში დაიწყო. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავდნენ.

 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში პოლიციამ სულ 13 ადამიანი დააკავა ან როგორც თავად ამბობს, საგამოძიებო მოქმედებების მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა. ჯაფარიძესთან ერთად დაკავებულნი იყვნენ პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, წევრები – ვახტანგ მეგრელიშვილი, ნიკა ობოლაძე, ნიკა ქავთარაძე და ტორესა მოსი და აქტივისტები, რომელთა ნაწილსაც ფესტივალზე სხვადასხვა ცხოველის ფორმა ეცვა.

შსს ამბობდა, რომ დაკავებულთა შორის მყოფი “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცავებს ნებით გაჰყვა, რაც პარტიაში გამორიცხეს და განაცხადეს, პოლიციამ ჯაფარიძე “მოიტაცა”. პარტიის პრესსპიკერის, ჰერმან საბოს განცხადებით, შსს-მ ადამიანთა დასაპატიმრებლად მარიხუანის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონები გამოიყენა.

ჯაფარიძე პოლიციამ მას შემდეგ აიყვანა, რაც მან სიტყვით გამოსვლის დასასრულს რამდენიმე აქტივისტს დაურიგა ნივთიერება, რომელიც მისი თქმით, ქაღალდში გახვეული კანაფი(ე.წ. ჯოინთი) იყო.

გამოძიების საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებისას, ფესტივალამდე 1 კვირით ადრე განმარტავდა, რომ მისი ეს ქმედება იქნებოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევდა.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი