ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: საკითხი ასე დგას – რუსეთი თუ ევროპა

29 აპრილი, 2014 • • 1442
დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: საკითხი ასე დგას – რუსეთი თუ ევროპა

მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც მოლდოვა იღებდა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, მის წინააღმდეგ სწორედ მოსკოვი და რუსეთის პატრიარქი გამოდიოდნენ:

 

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები დღეს, ხვალ თუ ზეგ, როდესაც ამ თემაზე გადაწყვეტილება იქნება მისაღები, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა დავინახოთ ერთი რამ, აქაც, მოლდოვაში ჩვენს კოლეგებთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს ვსაუბრობდით ამ თემებზე, იმიტომ, რომ როცა მოლდოვამ ანალოგიური კანონი მიიღო, აქაც სერიოზული ვნებათაღელვა არსებობდა. პრაქტიკულად პარლამენტის ყველა ის წევრი, ვინც კანონს მხარი დაუჭირა, ანათემას გადასცეს, მაგრამ კანონის მიღებიდან მეორე დღესვე ყველა პრობლემა მოგვარდა. ამ კანონის მიღებით არც ქვეყანა დაქცეულა, არც ბოროტად უსარგებლია ვინმეს იმ ახალი ნორმებით, რომელიც მიღებულ იქნა. მეტიც, იმ თვითმფრინავში, რომლითაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი დაიწყო, ის ადამიანებიც ისხდნენ, რომლებიც ამ კანონის მიღებით მოლდოვას დასასრულს უქადნენ. საკითხი დგას ასე: მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანებს ჯოხით არ უნდა გამოვეკიდოთ, თუ ვრჩებით რუსეთში, სადაც იმ ხალხის ქალაქიდან გაყრაა შესაძლებელი, ვინც არ მოგწონს და საერთოდ [შესაძლებელია] წახვიდე და ის ტერიტორია დაიპყრო, რომელიც მოგწონს. ამ კანონზე მსჯელობისას ჩვენ ამ სიბრტყეზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული და არ უნდა დავრჩეთ არაცივილიზებულ მსოფლიოსთან, რუსეთთან ერთად. რუსეთზე ბევრს იმიტომ ვსაუბრობ, რომ დღეს ჩვენმა მოლოდველმა კოლეგებმა გაიხსენეს, როგორ აქტიურობდა რუსეთის პატრიარქი თავის დროზე, როცა აქ ეს კანონპროექტი იხილებოდა. მოსკოვიდან ხდებოდა კომენტარების გაკეთება აქაურ პოლიტიკოსებზე: ვინ არის სწორი და ვინ არა. ასე რომ, რუსეთი თუ ევროპა, ამ არჩევანს აკეთებს პარლამენტი და ეს არჩევანი ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდლები. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი