ახალი ამბები

პოლიციის სამმართველოდან ჯაფარიძეც გაათავისუფლეს

20 ოქტომბერი, 2018 • 2949
პოლიციის სამმართველოდან ჯაფარიძეც გაათავისუფლეს

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურმა განუცხადა.

შენობიდან გამოსულ პრეზიდენტობის კანდიდატს ადგილზე მხარდამჭერები დახვდნენ.

სამმართველოდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს პარტიის სხვა წევრებიც: ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და მწერალი ტორესა მოსი; ასევე, აქტივისტები ზურა მეგრელიშვილი, თორნიკე გორგოძე და კიდევ ორი ადამიანი, რომელთაც ფესტივალზე მგლისა და დათვის ფორმები ეცვათ. რომლებიც ასევე დედაენის ბაღში, “კანაფის ლეგალიზების ფესტივალის” მიმდინარეობისას დააკავეს.

“გირჩის” ცნობით, ამ ეტაპზე, დაკავებული რჩება ორი ადამიანი.

“გირჩის” მიერ ორგანიზებული  “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე” შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, 11 ადამიანი დააკავა. უწყება აცხადებდა, რომ ამის მიზეზი ფესტივალის ორგანიზება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.

შსს-ს განცხადებით, ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

შსს ამბობდა, რომ დაკავებულთა შორის მყოფი “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცავებს ნებით გაჰყვა, რაც პარტიაში გამორიცხეს და განაცხადეს, პოლიციამ ჯაფარიძე “მოიტაცა”. პარტიის პრესსპიკერის, ჰერმან საბოს განცხადებით, შსს-მ ადამიანთა დასაპატიმრებლად მარიხუანის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონები გამოიყენა.

ჯაფარიძე პოლიციამ მას შემდეგ აიყვანა, რაც მან სიტყვით გამოსვლის დასასრულს რამდენიმე აქტივისტს დაურიგა ნივთიერება, რომელიც მისი თქმით, ქაღალდში გახვეული კანაფი(ე.წ. ჯოინთი) იყო.

“გირჩის” მიერ ორგანიზებული“კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი”,  სადაც მარიხუანის  გაყიდვაც დაანონსდა, დღეს, 16:20-ზე, დედაენის ბაღში დაიწყო. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავდნენ.

გამოძიების საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავდა, რომ მისი ეს ქმედება იქნებოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევდა.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი