ახალი ამბები

პროკურატურამ კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა

20 ოქტომბერი, 2018 • 2400
პროკურატურამ კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა

საქართველოს მთავარი პროკურატურამ 20 ოქტომბრის საღამოს კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა ისე, რომ ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებია, ვინ მონაწილეობს ამ ჩანაწერში.

უწყება აცხადებს, რომ ჩანაწერი გამოაქვეყნეს მირზა სუბელიანის ჩანაწერების ირგვლივ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ჩანაწერის ავთენტურობა შემოწმებული/დადასტურებული არის თუ არა.

ჩანაწერის ნაწყვეტი გაავრცელა დღეს რუსთავი2-მაც.

ჩანაწერი 2 საათი და 52 წუთი გრძელდება.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ისმის მირზა სუბელიანის ხმა, რომელიც ამბობს: “აქ ჯდომა ჩემნაირი ტიპისთვის არის ჯოჯოხეთი… ჩემგან წუწუნს გაიგებ? მე ერთ რამეს ვერ ვიგებ … ჩემნაირი საქციელი ვინმემ ჩაიდინა ძმაო სახელმწიფოში ამის დედას შ****ი და რატომ არ არის ჩემ მიმართ ნდობა ეს მა***ვებს”.

ამ საუბრის ნაწილი დღეს გაავრცელა ტელეკომპანია რუსთავი2-მაც. სუბელიანი საუბრობს ლაშა ნაცვლიშვილზე, აგინებს მას და ამბობს, რომ სწორედ ნაცვლიშვილი ამხედრებს პარტიის წევრებს მის წინააღმდეგ.

“მე რომ დავიწყო ლაპარაკი, ბო*ის შვილი ვიყო, დედა მოე***ება ხელისუფლებას”, ამბობს ჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანი.

პროკურატურა აცხადებს, რომ ისინი აგრძელებენ “საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო”.

პროკურატურამ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით” გაავრცელა, მათი განცხადებით, 2018 წლის 10 სექტემბრის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც “მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი”.

“ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით”, წერს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი