რუსთავი 2: სუბელიანის თანახმად, “ოცნების” ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ლაშა ნაცვლიშვილია

ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს კიდევ ნაწყვეტებს ფარული აუდიოჩანაწერებიდან, სადაც, რ2-ის ცნობით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ესაუბრება, ერთ შემთხვევაში პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს, მეორე ჩანაწერში კი ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს.

რუსთავი2-ის ცნობით, სუბელიანის თანახმად, “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა არის ლაშა ნაცვლიშვილი, რუსთავი2-ის თანახმად, “მმართველი პარტიის მთავარი იდეოლოგი”.

ჩანაწერში ისმის, როგორ აგინებს სუბელიანი ნაცვლიშვილს, რუსთავი2-ის თქმით კი, იგი ამბობს, რომ სწორედ ნაცვლიშვილი ამხედრებს პარტიის წევრებს მის წინააღმდეგ.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანახმად, ნაცვლიშვილი, რომელიც ახლა 52 წლისაა, სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურაში (1990), საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში (1999-2001), 2001-2003 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე, 2004-2008 წლებში პარლამენტის წევრი, 2012-2013 წლებში კი — საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

ნაცვლიშვილი, ტელეკომპანიის ცნობით, დროებით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თუმცა 2016 წელს დაბრუნდა საქართველოში.

ლაშა ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი იყო ონლაინ ტელევიზიან POS TV-ის ერთ-ერთი მეწილე (16%), თუმცა 2018 წლის აგვისტოდან იგი აღარ ფიქსირდება პარტნიორებში.


მეორე ჩანაწერში, სადაც, რ2-ის ცნობით, სუბელიანი და ცუხიშვილი საუბრობემ, სავარაუდოდ, სუბელიანი ყვება, რომ მისი დაკავების საკითხმა გუნდში განხეთქილება გამოიწვია, ხოლო “მხარდამჭერი განცხადების გაკეთება დეპუტატებს კალაძემ აიძულა”.

როგორც ტელეკომპანია ამბობს, სუბელიანი სწორედ ამ გარჩევებს უკავშირებს ვიქტორ ჯაფარიძისთვის არასამუშაო დღეს გაცემულ ნებართვას.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ცუხიშვილი ასევე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად მხარდაჭერა “დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა” ძალოვან სტრუქტურებში.


ნეტგაზეთს ჯერჯერობით დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია არც ჩანაწერების ავთენტურობა და არც ჩანაწერში ნათქვამი დეტალები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.