ახალი ამბები

“გირჩი” შსს-ზე: იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ფესტივალზე დაკავებულები დღესვე გამოუშვან

20 ოქტომბერი, 2018 • 2157
“გირჩი” შსს-ზე: იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ფესტივალზე დაკავებულები დღესვე გამოუშვან

პოლიციელების მიერ “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე” “გირჩის” წევრებისა და მხარდამჭერების დაკავებას პარტია სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. პარტიის პრესსპიკერის, ჰერმან საბოს განცხადებით, შსს-მ ადამიანთა დასაპატიმრებლად მარიხუანის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონები გამოიყენა.

“დღეს შსს-მ ჩვენი წევრების დასაპატიმრებლად გამოიყენა ის კანონები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციომ გვითხრა: კანაფის მოხმარება ადამიანის პირადი განვითარების უფლებაა. საკონსტიტუციო ვერ იმსჯელებდა იმაზე, რა გზით უნდა მოხდეს ამ კანონის აღსრულება. თუმცა,[ცხადია] ის, რომ მისი გადააწყვეტილება სხვა კანონებზე ზედმგომია და ყველა ის კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან, უნდა გაუქმებლიყო”, – აღნიშნა მან.

მანვე უარყო შსს-ს განცხადების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიციას დედაენის ბაღიდან ნებაყოფლობით გაჰყვა. მისი თქმით, უწყება ცდილობს, საკუთარი ქმედებები სამართლებრივ ჩარჩოში დატოვოს და სწორედ ამისათვის აკეთებს მსგავს განცხადებებს.

“შსს ხშირად სხვადასხვა აკრობატიკას ატარებს, რომ გააპრავოს თავისი ესა თუ ისე ქმედება. ესეც ერთ-ერთი მაგალითია.

შემოვარდნენ, გაიტაცეს[ზურაბ ჯაფარიძე] და მიაყოლეს არაერთი ჩვენი აქტივისტი”, – აღნიშნა მან და დაამატა:

“…ფაქტია, რომ ზურას ვერ დატოვებენ არჩევნებამდე დაპატიმრებულს. ვერც სხვა წევრებს, იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი ამისა არ არსებობს. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების სწორი წაკითხვისაც, მორალურად თუ ნებისმიერი კუთხით. იმედია, ჭკუა ეყოფათ, რომ დღესვე გამოუშვან”.

“გირჩის” მიერ ორგანიზებული  “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე” შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, 11 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი ფესტივალის ორგანიზება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაა.

შსს-ს განცხადებით, ფესტივალთან დაკავშრებით გამოძიება სსკ-ს 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

რაც შეეხება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს: შსს ამბობს, რომ პოლიციამ მას, როგორც პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვა და პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზა, რასაც ის ნებაყოფლობით დათანხმდა.

ჯაფარიძემდე, დედაენის ბაღიდან პოლიციამ განყოფილებაში  5 პირი გადაიყვანა. მათ შორის არიან “გირჩის” წევრები – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე; ასევე, პარტიის ორი მხარდამჭერი, რომელთაც ცხოველების ფორმები ეცვათ.

პოლიციამ დედაენის ბაღში ზურაბ ჯაფარიძე დააკავა[LIVE]

მასალების გადაბეჭდვის წესი