ახალი ამბები

შსს: ფესტივალზე 11 პირი დავაკავეთ, ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით გაჰყვა

20 ოქტომბერი, 2018 • 3718
შსს: ფესტივალზე 11 პირი დავაკავეთ, ჯაფარიძე პოლიციას ნებაყოფლობით გაჰყვა

“გირჩის” მიერ ორგანიზებული  “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე” შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, 11 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი ფესტივალის ორგანიზება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაა.

შსს-ს განცხადებით, ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

რაც შეეხება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს: შსს ამბობს, რომ პოლიციამ მას, როგორც პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვა და პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზა, რასაც ის ნებაყოფლობით დათანხმდა.

“აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი;

…ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით”, – ნათქვამია განცხადებაში. შსს არ აკონკრეტებს, რომელ განყოფილებაში იმყოფება “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი.

ჯაფარიძემდე, დედაენის ბაღიდან პოლიციამ განყოფილებაში  5 პირი გადაიყვანა. მათ შორის არიან “გირჩის” წევრები – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე; ასევე, პარტიის ორი მხარდამჭერი, რომელთაც ცხოველების ფორმები ეცვათ.

გამოძიების საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ფესტივალამდე 1 კვირით ადრე განმარტავდა, რომ მისი ეს ქმედება იქნებოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევდა.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

პოლიციამ დედაენის ბაღში ზურაბ ჯაფარიძე დააკავა[LIVE]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი