ახალი ამბები

შსს: ხვიჩია და მეგრელიშვილი პოლიციაში საგამოძიებო მოქმედებებისთვის გადაიყვანეს

20 ოქტომბერი, 2018 • 1639
შსს: ხვიჩია და მეგრელიშვილი პოლიციაში საგამოძიებო მოქმედებებისთვის გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “გირჩის” წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ განყოფილებაში “საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებად” გადაიყვანა. ამის შესახებ უწყებამ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

“როგორც იცით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს , რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა”, – აღნიშნავს შსს.

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ დედაენის ბაღიდან ცოტა ხნის წინ წაიყვანა.  პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ დედაენის ბაღიდან პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა ხვიჩიას განყოფილებაში გადაყვანის მიზეზად გაჩხრეკა დაასახელეს. მისი თქმით, პოლიცია შესთავაზეს, ხვიჩია ადგილზე გაეჩხრიკათ, რაზეც მათ უარი განაცადეს. ჯაფარიძის ასევე ამბობდა, რომ ტერიტორიაზე პარტიის წევრებს აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ.

დედაენის ბაღსა და მის მიმდებარედ პოლიციელთა განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული.

“გირჩი” დღეს, 20 ოქტომბერს აპირებს, დედაენის ბაღში მოაწყოს ფესტივალი, სადაც შესაძლებელია, მარიხუანა გაიყიდოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი ეს ქმედება იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი