ახალი ამბები

პოლიციაში ნიკა ობოლაძეც გადაიყვანეს – ჯაფარიძე

20 ოქტომბერი, 2018 • 1920
პოლიციაში ნიკა ობოლაძეც გადაიყვანეს – ჯაფარიძე

დედაენის ბაღიდან პოლიციის განყოფილებაში “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძეც გადაიყვანა. ამის შესახებ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე იტყობინება.

მანამდე, ამავე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილიც გაადაიყვანეს. როგორც შსს-მ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ისინი პოლიციაში “საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად” წაიყვანეს.

დედაენის ბაღში პოლიციელთა განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული. “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პოლიცია პარტიის წევრებს ბაღში ღონისძებისათვის საჭირო აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევს.

“გირჩი” დღეს, 20 ოქტომბერს აპირებს, დედაენის ბაღში მოაწყოს ფესტივალი, სადაც შესაძლებელია, მარიხუანა გაიყიდოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი ეს ქმედება იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

“გირჩი”: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი