ახალი ამბები

“გირჩი”: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს

20 ოქტომბერი, 2018 • 3997
“გირჩი”: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ დედაენის ბაღიდან წაიყვანა. ამის შესახებ პარტია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ დედაენის ბაღიდან პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა ხვიჩიას განყოფილებაში გადაყვანის მიზეზად გაჩხრეკა დაასახელეს. მისი თქმით, პოლიცია შესთავაზეს, ხვიჩია ადგილზე გაეჩხრიკათ, რაზეც მათ უარი განაცადეს. ჯაფარიძის ცნობით, ტერიტორია “პოლიციელებით სავსეა” და პარტიის წევრებს ადგილზე აპარატურა ვერ შეაქვთ.

“ნეტგაზეთი” შსს-ს უკვე დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

სტატია, თავდაპირველად, მხოლოდ იაგო ხვიჩიას პოლიციაში გადაყვანას ეხებოდა, თუმცა რამდენიმე წუთში “გირჩის” მიერ გავრცელებული კიდევ ერთი განცხადების შემდეგ, მასალა განახლდა.


“გირჩი” დღეს, 20 ოქტომბერს აპირებს, დედაენის ბაღში მოაწყოს ფესტივალი, სადაც შესაძლებელია, მარიხუანა გაიყიდოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი ეს ქმედება იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

შსს-მ გირჩის კანაფის ფესტივალზე გამოძიება დაიწყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი