ფინეთში ჟურნალისტის დისკრედიტაციისთვის პრორუსული გამოცემის დამფუძნებელი გაასამართლეს

ფინეთის სასამართლომ პრორუსული ვებსაიტის დამფუძნებელს 22-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულს პროკურატურა დისკრედიტაციის და გულგრილობის მუხლებით ედავებოდა.

მსჯავრდებული საკუთარ ვებ-გვერდზე ფინეთის ნაციონალური მაუწყებლის “ულეს” გამომძიებელი ჟურნალისტის შეურაცხმყოფელ კონტენტს ათავსებდა.  სიძულვილის ენისა და დისკრეტიდაციის სამიზნე ჯესიკა არო მას შემდეგ გახდა, რაც MV-Lehti რუსეთის პროპაგანდაში ამხილა.

როგორც BBC წერს, MV-Lehti ულტრამემარჯვენე, ანტისაიმიგრაციო, ევროსკეპტიკოსი და პრორუსული გამოცემაა.

2014 წელს ჯესიკა არომ პრორუსული “ტროლების ქარხნების” არსებობაზე გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტმა სქემა შენიშნა, რომლითაც ყალბი ანგარიშების მეშვეობით ფინელების განწყობებზე ზემოქმედებას ცდილობდნენ.

ფინეთის ნაციონალური მაუწყებლის ჟურნალისტმა შეძლო მტკიცებულებების მოპოვება რუსეთის ხელისუფლების მიერ სანქცირებულ პროპაგანდისტულ მანქანაზე, რომელიც პრორუსულ დღის წესრიგს ტვიტერში ავტომატური ანგარიშებითა და ე.წ. ბოტების ქსელის მეშვეობით ავრცელებდნენ მაშინ, როცა რუსეთის მთავრობა ე.წ. ბოტების ქსელების გამოყენებას დასავლურ ქვეყნებში კატეგორიულად უარყოს.

ამის შემდეგ გამოცემამ მისი დისკრედიტირების მცდელობისთვის შეურაცხმყოფელი მასალის განთავსება დაიწყო. მათ შორის, ერთ-ერთ სტატიაში ჟურნალისტს ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშულებდნენ.

BBC-ს ცნობით, აროს მოკვლით ემუქრებოდნენ. გავრცელდა მისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, მისამართი, სამედიცინო ისტორია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ფინეთის სასამართლომ გაიზიარა ბრალდების პოზიცია, გამოცემის დამფუძნებელს 22 თვით პატირმობა მიუსაჯა და ორ პირთან ერთად ჯესიკა აროსთვის 136,000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.

ფინეთის ნაციონალური მაუწყებლის ჟურნალისტი – ჯესიკა არო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.