ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე მირზა სუბელიანს დღეს გამოკითხავენ

პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს საპატიმროში მირზა სუბელიანს გამოკითხავენ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ  ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, დავით ცუხიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ.

პროკურატურა სუბელიანის გამოკითხვას 16 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა, როგორც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი კლიენტის სტრესული მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.


ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელიც ციხეშია ჩაწერილი. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 ოქტომბერს თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. გარდა ამისა, გამოძიება “ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით”.

16 ოქტომბერს კი აუდიოჩანაწერი თავად პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების რწმუნებით, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი 2018 წლის 6 ივლისსაა ჩაწერილი, მანამ, სანამ მეორე საუბარი შედგებოდა, რომლის ჩანაწერიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ეთერში 14 ოქტომბერს გაუშვა.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და მზადაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს:

“ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რო ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები – ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა.. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს  საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ”, – ისმის ჩანაწერში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.