იბერიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ოქტომბრის ხელფასს ითხოვენ

იბერიის თანამშრომელთა ნაწილი ოქტომბრის ხელფასს ითხოვს. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 19 ოქტომბერს, კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით, პროფკავშირების ოფისში ბრიფინგი გამართეს.

საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ბექა პატურაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ  ისინი ანაზღაურებას თვეში ორჯერ იღებდნენ და ხელფასის პირველი ნაწილი 15 ოქტომბერს უნდა ჩარიცხოდათ.

მისი თქმითვე, ამ ეტაპზე საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს მოქმედი კონტრაქტი აქვთ და თუ არხის ხელმძღვანელობა მათთან კონტრაქტის გაწყვეტს, ისინი ხელფასთან ერთად კომპენსაციასაც მოითხოვენ. პატურაშვილის ცნობით, ამ ეტაპზე ოქტომბრის ხელფასს იბერიის საინფორმაციო სამსახურის დაახლოებით 100-მდე თანამშრომელი ითხოვს.

შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული, ხოლო ერთი თვის ხელფასის ოდენობა (არანაკლები) კომპენსაციის სახით გადაუხადოს. საკომპენსაციო თანხის გადახდისთვის დამსაქმებელს ერთთვიანი ვადა აქვს.

“მას შემდეგ, რაც არხმა მაუწყებლობა შეაჩერა, თათბირი მოვითხოვეთ. ამ თათბირზე ხელმძღვანელობას ვკითხეთ, რა სახით გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა იბერიასთან, ან საერთოდ გაგრძელდებოდა თუ არა. შევეცადეთ გაგვეგო, რა გეგმა ჰქონდა მენეჯმენტს. ამაზე პასუხად მივიღეთ, რომ მუშაობის გასაგრძელებლად ფული არ ჰქონდათ”,-ამბობს ბექა პატურაშვილი.

ჟურნალისტის თქმითვე, თათბირს ტელეკომპანიის მფლობელი, “ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეც ესწრებოდა. ბექა პატურაშვილი ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ, გააგრძელებს თუ არა არხი მაუწყებლობას, ან გაწყვეტს თუ არა შ.პ.ს “იბერია TV” მათთან შრომით ურთიერთობას.

ხელფასის მოთხოვნის პარალელურად, იბერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ ტელეკომპანიას. პატურაშვილის განმარტებით, ომეგა ჯგუფის გარშემო არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებიც ეხება ბიზნესზე შესაძლო ზეწოლისა და დემპინგის შემთხვევებს, რამაც საბოლოოდ ტელევიზიის მფლობელი კომპანიის გაჩერება გამოიწვია, სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვთ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს კითხვები.

“ომეგასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა, ბუნებრივია, ყველაფერი არ ვიცით, თუმცა ვაკვირდებით მოვლენებს და გვაქვს კითხვები. ამ კითხვებს დავსვამთ ხვალ სხვა არხზეც რომ დავსაქმდეთ, მაშინაც კი”,-ამბობს ჟურნალისტი.

ნეტგაზეთი “იბერიის” დირექტორ მარიამ ჯაფარიძესა და ნატო ჩხეიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ნეტგაზეთი ესაუბრა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს, რომლის თქმითაც, “იბერიას” ანგარიშზე თანხა საერთოდ არ აქვს. რაც შეეხება თანამშრომლების სახელფასო დავალიანების საკითხს, ხუზმიაშვილის თქმით, მენეჯმენტი წუხს შექმნილი ვითარების გამო და მუშაობს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდის საკითხზე.

“კრიზისულ სიტუაციებში მენეჯმენტს საკუთარ თანამშრომლებთან კონტაქტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სექტემბრის ბოლოს ხელფასი რომ ავიღეთ, ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს ბოლო ხელფასი იყო. მენეჯმენტს კრიზისული სიტუაციის შესახებ ჩვენთან რომ ესაუბრა და ეთქვათ, რომ მომავალ თვეს ხელფასს ვეღარ ავიღებდით, თანამშრომლები თავად მიიღებდნენ სამსახურიდან წასვლის ან დარჩენის გადაწყვეტილებას. ეს იქნებოდა ამ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი”,-ამბობს ბექა პატურაშვილი.

16 ოქტომბერს ტელეკომპანია “იბერიამ” მაუწყებლობა შეაჩერა. ეთერი გაითიშა და ახლა მაყურებლებს მხოლოდ შემდეგი წარწერის ხილვა შეუძლიათ: “ხელისუფლებამ დახურა “იბერია!!!”. ტელეკომპანიის მფლობელი “ომეგა ჯგუფია”.


28 სექტემბერს ცნობლი გახდა, რომ თუ “ომეგა ჯგუფი” სახელმწიფოს მიმართ არსებულ დავალიანებას არ გადაიხდის, მისი ქონება აუქციონზე გაიყიდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს კომპანიის ქონების გაყიდვის უფლება აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის დავალიანება თითქმის 50 მლნ ლარს აღწევს.

“ომეგა ჯგუფი” გადასახადების გადაუხდელობას ბაზარზე კონკურენციის პირობების დარღვევითა და კომპანიის არაერთხელ გაჩერებით ხსნის. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებას ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.