ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი თბილისს საქართველოს ახალ საზღვრებზე მოსახლეობის ინფორმირებას ურჩევს

19 ოქტომბერი, 2018 • 31842
მოსკოვი თბილისს საქართველოს ახალ საზღვრებზე მოსახლეობის ინფორმირებას ურჩევს

“საქართველო არ აჩვენებს მზაობას ერთობლივი სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სიტუაცია რომ განიმუხტოს”,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“იმისთვის, რომ მსგავსი რამეები [ადამიანების დაკავება] არ ხდებოდეს, ადამიანებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ახალი საზღვრების ხაზების მდებარეობაზე და მათი გადაკვეთის შესახებ, მეზობლებთან გარკვეული შეთანხმებების წესებთან დაკავშირებით. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების [IPRM] მუშაობის პრაქტიკა აჩვენებს: იქ, სადაც შემოვლებულია ღობეები და საინფორმაციო სტენდები, დარღვევათა რიცხვი მცირდება, შესაბამისად, დაკავებების რიცხვიც.

სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები კვლავ არ არიან მზად იმ ერთობლივ სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც რეალურად განმუხტავს სიტუაციას საზღვრის მიმდებარედ. აფხაზური და ოსური მხარეების ძალისხმევა ცალმხრივ რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი მსგავსი ინციდენტების ეფექტური პრევენციისთვის”.

მისი თქმით, საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს საზღვრების სამართლებრივ სტატუსზე მხარეებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ.

“თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოლი, როგორც არ უნდა ერქვას მას, იყოს თვალსაჩინო. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან, არაფერში არიან დამნაშავე და უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ სიცოცხლისუნარიანობის ახალი პირობები იყოს გასაგები და პროგნოზირებადი, ცხოვრება ხომ გრძელდება: ადგილობრივი მოსახლეობა- როგორც უწინ, ახლაც- მიწადმოქმედებითაა დაკავებული, საძოვრები აქვთ, კავშირები აქვთ ნათესავებთან, და პერიოდულად, ხშირად უნებლიეთ, ინფორმაციის უქონლობის გამო სახელმწიფო საზღვრების ახალ ხაზებს კვეთენ”.

უწყების წარმომადგენლის ცნობითვე, მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების მონაკვეთებში 336 ადამიანი იყო დაკავებული, “მათ შორის 160- აფხაზეთში და 176 – სამხრეთ ოსეთში. თბილისში კი ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ამას “გატაცებებს” უწოდებენ”.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების მავთულხლართებით შემოღობვა დღემდე გრძელდება. აღნიშნული პროცესით, ადგილობრივი მოსახლეობაც ზარალდება, რომელთა მიწის ნაკვეთები რუსი სამხედროების კონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდა. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კი, რუსი სამხედროების მიერ 2008 წლის შემდეგ ასეულობით საქართველოს მოქალაქეა დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი