ახალი ამბები

ერდოღანის დაცინვისთვის დაკავებულმა სტუდენტებმა პრეზიდენტს ყვავილები მიართვეს

18 ოქტომბერი, 2018 • 3025
ერდოღანის დაცინვისთვის დაკავებულმა სტუდენტებმა პრეზიდენტს ყვავილები მიართვეს

თურქი სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე საჯაროდ აშარჟებდნენ და ამის გამო ციხეშიც მოხვდნენ, 16 ოქტომბერს პრეზიდენტთან შესახვედრად ყვავილებით ხელში მივიდნენ. ამის შესახებ თურქული “ჰურიეთი” იუწყება სახელმწიფო გამოცემა “ანადოლუზე” დაყრდნობით.

ყველაფერი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ანკარის “შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის” სამმა  სტუდენტმა გამოსაშვებ ცერემონიაზე ერდოღანის კარიკატურა გამოფინა, სახელწოდებით, “თაიფების სამყარო”. კარიკატურა იუმორისტულ ჟურნალ “პინგვინში” 2005 წელს გამოქვეყნდა. მასზე გამოსახული არიან ცხოველები, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტს განასახიერებენ.

ოთხი სტუდენტი – აქედან სამი პლაკატის გამომფენი და ერთი მის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი -მალევე დააკავეს “ერდოღანის შეურაცხყოფის”  მუხლით. სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა. სტუდენტებმა ციხეში 1 თვე გაატარეს და აგვისტოში სასამართლოსვე განკარგულებით გათავისუფლდნენ, თუმცა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით.

უკვე 12 ოქტომბერს ისინი პრეზიდენტ ერდოღანს ანკარის რეზიდენციაში შეხვდნენ. თურქეთის სახელმწიფო გამოცემა “ანადოლუს” ცნობით, შეხვედრა ერთ-ერთი სტუდენტის დედამ მოითხოვა, რომელმაც ერდოღანს შესაბამისი წერილი მისწერა და თანხმობაც მიიღო.

სტუდენტები, რომლებიც სულ რამდენიმე თვით ადრე თურქეთის პრეზიდენტს აშარჟებდნენ და მის მმართველობას აპროტესტებდნენ, “ანადოლუს” ცნობით, ყვავილებით ხელში შევიდნენ მასთან.

“სტუდენტებმა ერდოღანს ყვავილები მიართვეს, პრეზიდენტმა კი მათ “ვენუსის” ბრენდის მობილური ტელეფონები აჩუქა, რომელსაც თურქული კომპანია “ვესტელი” აწარმოებს”, – წერს სააგენტო.

როგორც თურქეთის მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” სპიკერი იუწყება, მხარეებს შორის “თბილი საუბარი” წარიმართა.

“რაც ამ ახალგაზრდებმა გააკეთეს, მიუღებელია. თუმცა მათმა ოჯახებმა ჩვენთან დაკონტაქტება და პრეზიდენტთან შეხვედრა მოისურვეს. ეს იყო სასიამოვნო საუბარი ჩვენს ახალგაზრდა მეგობრებს შორის”,  – ციტირებს სპიკერს გამოცემა Sozcu.

მისივე თქმით, ერდოღანის ადვოკატი სტუდენტების წინააღმდეგ სარჩელს გააუქმებს.

აღნიშნული საქმე “Human Rights Watch”-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფა კრიმინალად არ უნდა მიიჩნეოდეს და სტუდენტებს მხოლოდ კარიკატურის გამოფენისათვის არასდროს უნდა აკავებდნენ.

“თურქეთის სასამართლოებმა ათასობით ადამიანი მისცეს პასუხისგებაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ საუბრისათვის. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა ასეთი დარღვევა და პატივი სცეს თურქეთის ხალხის უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პოზიცია”, – აცხადებს HRW.

“სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრის” მონაცემებით, დრამატულადაა გაზრდილი იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც თურქეთში ზემოაღნიშნული მუხლით აკავებენ. თუ 2014 წელს მონაცემი 132 პირს შეადგენდა, 2017 წელს ის 6 000-მდე გაიზარდა. დაკავებულებს შორის იყვნენ და არიან ჟურნალისტები, უნივერსიტეტის ლექტორები და რიგითი მოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი