ახალი ამბები

თურქეთის პროკურატურა ემრე ბელოზოღლუს და არდა თურანის “FETÖ-სთან კავშირს” იძიებს

18 ოქტომბერი, 2018 • 1576
თურქეთის პროკურატურა ემრე ბელოზოღლუს და არდა თურანის “FETÖ-სთან კავშირს” იძიებს

FETÖ-სთან კავშირის ბრალდებით ემრე ბელოზოღლუსა და არდა თურანის წინააღმდეგ თურქეთში გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ “ჰურიეთი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილ ფეხბურთელებს გამოძიება იმ ორგანიზაციასთან კავშირს ედავება, რომელიც თურქეთის მთავრობის მტკიცებით 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან იდგა.

ქვეყნის პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წევრები ემრე და თურანი არ ყოფილან, გაცნობიერებულად და საკუთარი სურვილით ეხმარებოდნენ მას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგამოძიებო უწყებები თითოეული ფეხბურთელის საქმეს განცალკევებულად სწავლობენ.

პარალელურად გამოძიება კიდევ 6 თურქი ფეხბურთელის წინააღმდეგ მიმდინაროებს. ფეტოსთან კავშირის გარდა არდა თურანს ბრალს დებენ გასულ კვირას, სტამბულის ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც.

პროკურატურის მტკიცებით, ფეხბურთელი თურქი მომღერლის ცოლს აედევნა, მომღერალს კი თავს დაესხა და ცხვირი გაუტეხა. მას 12,5 წლით პატიმრობა ემუქრება.

არდა თურანი, რომელიც ესპანური კლუბის “ბარსელონის” საკუთრებაშია, 2,5-წლიანი განათხოვრების წესით თურქეთის ჩემპიონატში თამაშობს.

16 ოქრომბერს კლუბმა განაცხადა, რომ თურანს 2,5 მილიონი თურქული ლირით დააჯარიმებს (დაახლოებით 450 000 აშშ დოლარი) “კლუბის ღირებულებებისთვის შეუსაბამო ქცევის გამო”, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გუნდიდან გარიცხვას არ აპირებენ.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]

მასალების გადაბეჭდვის წესი