ახალი ამბები

საზოგადოება აფასებს, სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის – პრემიერი ჩანაწერებზე

18 ოქტომბერი, 2018 • 3030
საზოგადოება აფასებს, სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის – პრემიერი ჩანაწერებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მირზა სუბელიანის მიერ დასახელებული ფაქტების დიდი ნაწილი არის ილუზია. მისი თქმით, საზოგადოება კარგად აფასებს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების აღრევასთან, რის მაგალითადაც კახი კახიშვილის დღევანდელი განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ფიზიკური ინტერაქციაც კი არ ჰქონია ყოფილ პროკურორ მირზა სუბელიანთან:

“შესაბამისად, ეს ადამიანი [მირზა სუბელიანი] რას საუბრობს და რა ფაქტებს ასახელებს, დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, არის ამ ყველაფერში ილუზია, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი გახლავთ ის, რომ მსგავსი ფაქტებით, სამწუხაროდ, ცდილობენ, რომ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმაში, რომ გარკვეული მოლოდინი შექმნან, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე და პირდაპირ მინდა განვაცხადო – ნუ აქვთ ამის ილუზია.

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. პირდაპირ მინდა გითხრათ, რეალობის მოდელირება ჰობად იქცა, სამწუხაროდ, გარკვეული ადამიანებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოში არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში იმ სტანდარტით, საითკენაც თითოეული ჩვენგანი მივისწრაფით – ევროპული ოჯახისკენ და საუკეთესო გარანტიის დაცვით ჩავატარებთ ჩვენ ამ არჩევნებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

რ2-ის გამოქვეყნებული #2 აუდიოჩანაწერი მირზა სუბელიანზე

ტელეკომპანია რუსთავი2-მა 17 ოქტომბერს ახალი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ციხეში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი მესტიიდან — ვიქტორ ჯაფარიძე — და სუბელიანის ნდობით აღჭურვილი პირი, დავით ცუხიშვილი.

ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი ახსენებს სხვადასხვა ადამიანს, რომელთა მაკომპრომატირებელი მასალებიც აქვს. ერთ-ერთი ასეთია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი, რომლისგანაც სუბელიანი, ჩანაწერის თანახმად, მოითხოვდა განსაკუთრებულ პირობებს ციხეში და ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა.

რუსთავი 2-ის თანახმად, სუბელიანი, სანამ პოლიციას ჩაბარდებოდა, მინისტრ კახა კახიშვილს შეხვდა და  საკანში განსაკუთრებული პირობების შექმნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 2013 წელს გაკეთებული ჩანაწერის გამოქვეყნებით დაემუქრა.

ჩანაწერში ადამიანი, რომელსაც რუსთავი 2 მირზა სუბელიანად ასახელებს, ამბობს, რომ მზად არის ქართული ოცნებისთვის მიხეილ სააკაშვილი “გაანეიტრალოს”:

“გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ …. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე”.

ჩანაწერში ისმის სოზარ სუბარის გვარიც — რუსთავი2-ის თანახმად, სუბელიანი ამბობს, რომ სუბარია ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს “აკონტროლებდა”, თუმცა სუბელიანი ამბობს, რომ მათი გზები “გაიყრება”:

“ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი”…

რ2-ის გამოქვეყნებულლი #1 აუდიოჩანაწერი მირზა სუბელიანზე

რუსთავი 2-მა პირველი ფარულ აუდიოჩანაწერი 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს მიმართ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

რუსთავი 2 იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც რუსთავი 2-ის ეთერით ხელისუფლებას რიგი ბრალდებები წაუყენა. ოქუაშვილი კი პირველად რ2-ის ეთერში 2 კვირის წინ გამოჩნდა.

პროკურატურის გავრცელებული ჩანაწერი სუბელიანზე

მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-მა პირველი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება დააანონსა, ირაკლი კობახიძის ნებართვით, მირზა სუბელიანთან ციხეში დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ შევიდა.

რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერიდან მესამე დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, უწყების რწმუნებით, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი 2018 წლის 6 ივლისსაა ჩაწერილი, მანამ, სანამ მეორე საუბარი შედგებოდა, რომლის ჩანაწერიც ტელეკომპანია რ2-მა ეთერში 14 ოქტომბერს გაუშვა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და მზადაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს:

“ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რო ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები – ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა.. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ”, – ისმის ჩანაწერში.

პროკურატურისა და რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში რამდენიმე შეუსაბამობაა, მათ შორის, “კომპრომატების გადაზღვევის” საკითხზე; რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში “კომპრომატების გადაზღვევაზე” საუბარს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე იწყებს, ხოლო პროკურატურის ჩანაწერში – მირზა სუბელიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი