ახალი ამბებიეკონომიკა

ტურიზმის ადმინისტრაცია გასაქირავებელ ბინებზე გადასახადების დაწესებას გამორიცხავს

18 ოქტომბერი, 2018 • 2217
ტურიზმის ადმინისტრაცია გასაქირავებელ ბინებზე გადასახადების დაწესებას გამორიცხავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვებს ან გადასახადების შემოღებას გამორიცხავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, დისკუსიაში ჩაერთოს გიდების სერტიფიცირების, სასტუმროების ლიცენზირების, ასევე ნებაყოფლობითი სარეიტინგო სისტემების შესაძლო შემოღების საკითხებთან დაკავშირებით.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი განთავსების ობიექტის არსებობას, მათ შორის აპარტამენტებისა და ბინების გაქირავების სახით – ეს საშუალებას გვაძლევს, ქვეყანამ მეტი ტურისტი მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, რაც სხვადასხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ მოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავლებს, რომლებიც ტურისტებზე ბინებს აქირავებენ”, – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიო Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რეგულაციების შემოღებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ტვ პირველის გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას თვითონ ისაუბრა Airbnb-ზე ბინის გაქირავების სერვისის შესაძლო დარეგულირების შესახებ.

“Airbnb გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები (მსოფლიოში), უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის. ეს არის, ერთი მხრივ, ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე- ის გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ ტვ პირველზე, საქმიან დილაში სტუმრობის დროს.

Airbnb ბინების ონლაინდაჯავშნის პლატფორმაა, რომლითაც საქართველოში ათასობით ადამიანი სარგებლობს. Airbnb-ის საშუალებით საქართველოში მცირე მეწარმეები ბინებს აქირავებენ. ხშირად ბინის გაქირავება ოჯახების ერთადერთი შემოსავალია.

საქართველოში აქტიურად სარგებლობენ ბინების ონლაინდაჯავშნა/გაქირავების კიდევ ერთი საიტით – booking.com, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს ეს სერვისი არ უხსენებია.

სახელმწიფო Airbnb-ით ბინების გაქირავებაზე გადასახადის დაწესებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი