2.9 მილიონი ზურაბიშვილს, ყველა დანარჩენ კანდიდატს 871 ათასი – შემოწირულებები

2018 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე (28 სექტემბერი–18 ოქტომბერი) საპრეზიდენტო კანდიდატებს, ჯამში, 3.8 მილიონი ლარი შესწირეს. ამ თანხის დიდი ნაწილი, თითქმის 3 მილიონი ლარი მხოლოდ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული თანხა სამჯერ მეტია ყველა დანარჩენი კანდიდატისთვის შეწირული თანხის ოდენობაზე. სხვა კანდიდატებმა, ჯამში, მხოლოდ 871 324 ლარის მობილიზება შეძლეს.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 25 კანდიდატი დაფიქსირდა. მათი ნაწილი ტექნიკური კანდიდატია, რაც არჩევნებში მონაწილე ძირითადმა კანდიდატებმა იმისთვის დაარეგისტრირეს, რომ მიიღონ უფრო მეტი სარგებელი წინასაარჩევნოდ, მათ შორის, მეტი სატელევიზიო ეთერი და დამკვირვებლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

25 პრეზიდენტობის კანდიდატიდან მხოლოდ 11-ს შესწირეს თანხა. 18 ოქტომბრის მდგომარეობით, 14 კანდიდატისთვის ერთი თეთრიც კი არ აქვს არავის შეწირული.

ხუთეული, რომელსაც ყველაზე მეტი თანხა შესწირეს
  1. სალომე ზურაბიშვილი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი  –  2 929 431;
  2. გრიგოლ ვაშაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 553 957 ლარი;
  3. დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 229 645 ლარი;
  4. ზვიადი ბაღდავაძე, “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო” – 35 000 ლარი (გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ დარეგისტრირებული ტექნიკური კანდიდატი);
  5. დავით უსუფაშვილი, “თავისუფალი დემოკრატები” – 32 290 ლარი;
დანარჩენი 6 კანდიდატი, რომელსაც ფული შესწირეს
  1. ბესარიონ თედიაშვილი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი  – 13 000 ლარი (ბესარიონ თედიაშვილმა შესწირა);
  2. ზურაბ ჯაფარიძე, “გირჩი” – 4 722;
  3. კახა კუკავა, “თავისუფალი საქართველო” – 1 010 ლარი (მხოლოდ კახა კუკავა);
  4. შალვა ნათელაშვილი, “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1 000 ლარი;
  5. ოთარ მეუნარგია, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 500 ლარი;
  6. კახაბერ ჭიჭინაძე, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი – 200 ლარი (კახაბერ ჭიჭინაძე);
კანდიდატები, რომლებსაც არაფერი შესწირეს
  1. მიხეილ სალუაშვილი, “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” – 0;
  2. ირაკლი გორგაძე, “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”  – 0;
  3. გიორგი ლილუაშვილი, პარტია “საქართველო” – 0;
  4. ზვიად მეხატიშვილი, მპგ “საქართველოს ქრისტიანკონსერვატიული პარტია” – 0 ლარი;
  5. ვახტანგ გაბუნია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – 0;
  6. ლევან ჩხეიძე, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – 0;
  7. ზვიად იაშვილი, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) – 0;
  8. აკაკი ასათიანი, “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” – 0;
  9. გელა ხუციშვილი, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – 0;
  10. თამარ ცხორაგაული, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” – 0;
  11. გიორგი ანდრიაძე, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი – 0;
  12. ვლადიმერ ნონიკაშვილი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი – 0;
  13. მიხეილ ანთაძე, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – 0;
  14. თეიმურაზ შაშიაშვილი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი – 0;

საპრეზიდენტო კანდიდატების შემომწირველთა შესწავლისას გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შემწირველთა მნიშვნელოვანი ნაწილი თანხას წინა არჩევნებზე სწირავდა “ქართულ ოცნებას”, უფრო ადრე, 2012 წელს კი, იმდროინდელ მმართველ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ასეთ შემომწირველებს შორისაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ხახუბია. მან ზურაბიშვილს 2018 წელს გადაურიცხა 60 ათასი ლარი, თუმცა 10 ათასი ლარით დაეხმარა “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წელს. ამავე პარტიას 2012 წელს 10 ათასი ლარი გადაურიცხა ფოთის ამჟამინდელმა მერმა გოჩა კურდღელიამ. 2016 წელს კურდღელიამ “ოცნებას” 60 ათასი ლარი შესწირა, 2018 წლის კამპანიისთვის კი, სალომე ზურაბიშვილს – 40 ათასი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.