ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვენ

28 აპრილი, 2014 • • 1207
სომხეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვენ

ლეილა იუნუსი, აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტირი, და ლაურა ბაგდასარიანი, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორი, ერთობლივ მიმართვაში აცხადებენ, რომ “აზერბაიჯანის ხელისუფლება “ჯაშუშური ქსელის გახსნით” ბოლოს მოუღებს აზერბაიჯანსა და სომხეთში დამოუკიდებელი არასამთავრობოების ერთობლივ პროექტებს.”

 

“ჩვენ, ორი ქალი – უფლებათადამცველი და ჟურნალისტი, ორი დედა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ვთანამშრომლობთ თითქმის ათი წელია, მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს ხალხებს შორის საზოგადოებრივი დიალოგის შექმნისა და მისი გამყარების რთულ საქმეში. ერთობლივ სტატიებს გამოვცემთ, წიგნებს, შევქმენით პირველი და ერთადერთი უნიკალური ერთობლივი ვებ-გვერდი, რომელიც არის მოედანი სომხებისა და აზერბაიჯანელების დიალოგისთვის. ჩვენ სამომავლო ომების წინააღმდეგი ვართ, იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ერთმანეთი სძულდეთ და ერთმანეთს ხოცავდნენ, ჩვენ იმ პოლიტიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც მეზობლის მიმართ სიძულვილსა და შუღლს აღვივებს,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


2014 წლის 22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურატურისა და ეროვნული უშიშროების სამინისტროს გამომძიებელებისგან “აზერბაიჯანში სომხეთისთვის დიდი ჯაშუშური ქსელის გახსნის მიზნით” ერთობლივი ჯგუფი შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლეილა იუნუსი და ლაურა ბაგდასარიანი აცხადებენ, რომ რთული მისახვედრი არ არის, ვინ განიხილება აღნიშნულ ქსელში. 


მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების გამო ხმა აიმაღლონ. 

 

რაუფ მირკადიროვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ანკარაში მუშაობდა, 19 აპრილს თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც დააკავეს, სომხეთის საიდუმლო სამსახურის ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.


ლაურა ბაგდასარიანის, აღნიშნული მიმართვის თანაავტორის განცხადებით, მირკადიროვი მათი პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო, რაც მისთვის ბრალი წაყენების მიზეზი გახდა.


“ის მონაწილეობდა ინტერნეტ-კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ჩვენს ვებ-გვერდზე – publicdialogues.info. თუკი აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ იცოდა “მირკადიროვის ჯაშუშური კავშირებისა და საქმიანობის შესახებ სომხებთან 2008-09 წლებში, მაშინ ბაქოში რატომ დაიწყეს ამ საქმიანობის გამოძიება 2014 წელს?” – ასეთი შეკითხვა დასვა ბაგდასარიანმა Arminfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ლეილა იუნუსი; ლაურა ბაგდასარიანი
ლეილა იუნუსი; ლაურა ბაგდასარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი