ახალი ამბები

ინგუშეთში დემონსტრაციები დროებით წყდება

17 ოქტომბერი, 2018 • 1708
ინგუშეთში დემონსტრაციები დროებით წყდება

გამოცემა Кавказский узел-ის ცნობით, ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დროებით წყდება საპროტესტო დემონსტრაციები — დემონსტრანტები ახლა კარვებსა და სცენას შლიან.

Кавказский узел-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს დემონსტრანტებმა გაიზიარეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შეთავაზება, 31 ოქტომბრამდე შეწყვიტონ გამოსვლები. მანამდე აქტივისტები ამბობდნენ, რომ არ შეწყვეტდნენ გამოსვლებს.

აქციები სანქცირებული 17 ოქტომბრის 22:00 საათამდე იყო. ინგუშეთის ხელისუფლებამ დემონსტრანტებს უარი უთხრა 18-დან 31 ოქტომბრამდე დემონსტრაციების ვადის გახანგრძლივებაზე, თუმცა ნება მისცა, 31 ოქტომბრიდან განაახლონ შეკრებები.

საორგანიზაციო კომიტეტი აპირებს, 31 ოქტომბრამდე აქტიურად გასწიოს აგიტაცია ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო ხელშეკრულების წინააღმდეგ მოსახლეობაში, რელიგიურ ლიდერებსა ორგანიზაციებში, ბიზნეს-ჯგუფებში და ა.შ.

31 ოქტომბერს კი იგეგმება ინგუშ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის დროსაც ინგუშეთის მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ჩეჩნეთთან დადებულ ხელშეკრულებას.


ინგუშეთში თითქმის ორი კვირის  განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები განუწყვეტლივ მიმდინარეობდა.

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, 2018 წლის 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიები გაიცვლება. ამ შეთანხმებით დგინდება ადმინისტრაციული საზღვარი ორ რესპუბლიკას შორის.

გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლება/ვალერი მაქსიმოვი/AFP

ნახეთ დეტალურად:

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

ინგუშეთში Amnesty-ის მკვლევარი გაიტაცეს, სცემეს და დაემუქრნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი