“მედიაგარემოს გაუარესების ტენდენცია” — მედიის კოალიცია “იბერიის” გათიშვაზე

კოალიცია მედია ადვოკატორებისათვის აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის შეჩერება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე “გამოხატავს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას”.

ეს, კოალიციის განცხადებით, “აზიანებს საზოგადოებას”.

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები აქამდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და “იბერიის” თანამშრომლების უფლებების შელახვა, რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას”,- წერია კოალიციის მიერ 17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით, “იბერიის” დამფუძნებლებთან დაკავშირებული, სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნების შემცველი ჩანაწერები გამოეძიებინათ, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან”, -წერს კოალიცია.

კოალიცია მხარეებს მოუწოდებს, პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და ჟურნალისტთა უფლებები დაიცვან, ხელისუფლებას კი ურჩევენ, გასცენ პასუხები საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.

ტელეკომპანია “იბერიის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება და ღამის პოლიტიკური თოქ-შოუ 16 ოქტომბერს ეთერში არ გასულა — ტელეკომპანიის ეთერი გაითიშა და გამოჩნდა წარწერა: “ხელისუფლებამ დახურა იბერია”. “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა გადაცემების შეჩერების მიზეზად “ქართული ოცნების ტერორი” და ფინანსური პრობლემები დაასახელა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 2011 წლის აპრილში შეიქმნა. კოალიციის მიზანია ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედიამფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა. მისი წევრები არიან:

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის“;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია;
  • რეგიონული მაუწყებლების ქსელი;
  • ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია;
  • მედიაკლუბი;
  • ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო“
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.