ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ხელისუფლებამ “წინმსწრებად ითამაშა”

28 აპრილი, 2014 • • 1191
სომხეთის ხელისუფლებამ “წინმსწრებად ითამაშა”
სომხეთის მთავრობის მეთაურის გადადგომა სიურპრიზი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, რომელიც ამის მიღწევას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ოპოზიციას მთავრობამ დაასწრო და ამით იგი ჩიხში მოამწყვდია. იმის მიუხედევად, რომ ტიგრან სარქსიანი თავისი ნებით გადადგა თანამდებობიდან, ოპოზიცია მაინც მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, რადგან თვლის, რომ ხელისუფლებამ მთავრობის დათხოვნით გადაწყვიტა შეეჩერებინა მოსალოდნელი მრავალათასიანი მიტინგები და ბუნტის საფრთხე ქვეყანაში. ხელისუფლება მიხვდა, რომ ვეღარ გააკონტროლებდა სიტუაციას და პანიკაში ჩავარდნილმა “წინმსწრებად ითამაშა”, – მიიჩნევენ ოპოზიციონერები.
აშოტ გაზაზიანი
აშოტ გაზაზიანი


ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტია “აყვავებული სომხეთი”, სომხეთის უძველესი პარტია – “დაშნაკცუთიუნი”, პარტია “მემკვიდრეობა”, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი რაფი ავანისიანი ხელმძღვანელობს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის “სომხეთის ეროვნული კონგრესი” – თუკი აქამდე კოალიციური მთავრობის შექმნის იდეას ემხრობოდნენ, ამჯერად იძულებულნი არიან გადახედონ თავიანთ გეგმებს. თუმცა მთავრობის გადადგომის შემდეგ ოპოზიცია თავის კონკრეტულ გეგმებზე აღარ საუბრობს. ჯერჯერობით შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ ტიპის განცხადებებით, რომ “მომხდარი მათ გეგმებს არ შეცვლის” და რომ გაგრძელდება ამ ოთხი პარტიის თანამშრომლობა და ბრძოლა, როგორც თავად უწოდებენ, “არალეგიტიმური ხელისუფლების” წინააღმდეგ.

პარტია “მემკვიდრეობის” თავმჯდომარის მოადგილე არმენ მარტიროსიანი ამბობს, რომ მთავრობის გადადგომა მხოლოდ “პირველი ნაბიჯია” და სომხეთში ხელისუფლება სრულად უნდა შეიცვალოს.

“ქვეყანაში უნდა შეიქმნას ახალი კოალიციური მთავრობა, რადგან დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი ერთი პარტია, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს არჩევნების შემდეგ მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში,” – აცხადებს მარტიროსიანი.

მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ ოთხი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ალიანსს შეუერთდნენ არასაპარალმენტო პოლიტიკური ძალები და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება. ამასთან, ის გამორიცხავს ხელისუფლებასთან კოალიციაში შესვლის შესაძლებლობას.

არმენ მარტიროსიანი
არმენ მარტიროსიანი

 

ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციას ჯერ წარმოდგენა არა აქვს, რას ნაბიჯებს გადადგამს უახლოეს მომავალში. ოთხეულის წევრ პარტიებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინტერესები აქვთ. მაგალითად, “აყვავებული სომხეთი” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით არ გამოდის, როცა “მემკვიდრეობა” და “სომხეთის ეროვნული კონგრესი” ამას დაჟინებით მოითხოვენ.

ინსტიტუტ “კავკასიის” დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი მიიჩნევს, რომ პრემიერის გადადგომით საყრდენი გამოეცალა ოპოზიციის შემდგომ თანამშრომლობას. მისივე თქმით, ამჟამად რთულია ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება, რადგან გამოდის, რომ ამოცანა უკვე შესრულებულია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

სერგეი მინასიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არა აქვს. პოლიტოლოგის აზრით, “გაერთიანებულიც კი, ოპოზიცია პარლამენტში უმცირესობაშია და მისი ხმები ვერაფერს წყვეტს. ქუჩის საპროტესტო აქციები და ყველაზე ხალხმრავალი მიტინგებიც კი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების კუთხით გავლენას ვერ მოახდენს”.

“ადამიანები შეიკრიბებიან მოედანზე, გამოუშვებენ ორთქლს და დაიშლებიან,” – აცხადებს მინასიანი – “ასე იქნება მანამ, სანამ ოპოზიცია საზოგადოებას ახალ კონკრეტულ სამოქმედო პროგრამას არ შესთავაზებს”. მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციას შესათავაზებელი ჯერ არაფერი აქვს, უფრო მეტიც, მთავრობის გადადგომის შემდეგ ჩანს, რომ ოპოზიციამ მომავალში ოთხეულის ფარგლებში თანამშრომლობის აზრი დაკარგა, – ასეთია პოლიტოლოგის დასკვნა.

ანალიტიკური ცენტრის “ალტერნატივას” დირექტორი თათულ მანასერიანი დარწმუნებულია, რომ “პრემიერისა და მთავრობის გადადგომაში ოპოზიციამ თავისი როლი ითამაშა”. ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ თავის მხრივ, ხელისუფლებასაც უნდა მოეხდინა ცვლილებებისადმი სწრაფვის დემონსტრირება, რამდენადაც ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა. მანასერიანის თქმით, ამჯერად ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ახალი ამოცანები და მათი განხორციელების გზები.

“გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ოპოზიციის მთელი საქმიანობა მხოლოდ მთავრობის გადადგომისკენ იყო მიმართული,” – აცხადებს მანასერიანი და არ გამორიცხავს, რომ უახლოეს თვეებში დაიძაბოს შიდა პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.

ჯერჯერობით ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ოვიკ აბრამიანი ცდილობს მოახდინოს ცვლილებებისადმი მზადყოფნის დემონსტრირება: ის უშიშრად შედის მრავალათასიანი დემონსტრანტების ჯგუფის შუაგულში, რომლებიც აპროტესტებენ ახალ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას. ის სთავაზობს მოწინააღმდეგეებს, რომ არ დააჯარიმებენ ადამიანებს დაგროვებითი პენსიისთვის შეუსრულებელი გადარიცხვების გამო. უფრო მეტიც, მთავრობა მზადაა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა შეაჩეროს დაგროვებითი კომპონენტის სავალდებულო ნორმა, ანუ მომავალში პენსიის მისაღებად მოქალაქეებს თანხების გადარიცხვა შეეძლებათ ნებაყოფლობით.

სწორედ ახალმა დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ გამოიყვანა სომხეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მათ რეალურად აიძულებენ ხელფასის სახელმწიფოსთან გაყოფას.

“იმის ნაცვლად, რომ ჩრდილიდან გამოიყვანონ და საგადასახადო სივრცეში დააბრუნონ ოლიგარქები, ხელისუფლებას სურს უკანასკნელი გროშები წაართვას უბრალო ხალხს”, – აცხადებენ სამოქალაქო მოძრაობის – “მე წინააღმდეგი ვარ!” – ახალგაზრდა ინიციატორები – “თუკი ჩვენ ახლა დავიწყებთ თანხის გადარიცხვას, ვის მოვთხოვოთ მათი უკან დაბრუნება 20-30 წლის შემდეგ?”

მე წინააღმდეგი ვარ! - საპროტესტო აქცია სომხეთში
მე წინააღმდეგი ვარ! – საპროტესტო აქცია სომხეთში

 

ამ საპროტესტო ტალღის საფუძველზე გაერთიანდა ოპოზიცია – ჯერჯერობით მხოლოდ “ოთხეულის” ფორმატით. ეს უკვე პროგრესია, რადგან ადრე მათ “სამეულის” და “დუეტის” სახით გაერთიანებაც კი არ გამოსდიოდათ.

ამჟამად ახალი მთავრობა ცდილობს შეაჩეროს პროტესტის ტალღა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის სამიზნე უკვე ნამდვილად პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი შეიძლება გახდეს. თუმცა ჯერ გაუგებარია როგორ იბრძოლებენ ისინი მის წინააღმდეგ. ნუთუ დაელოდებიან, რომ ისიც პრემიერის ნაბიჯს გაიმეორებს და თავად გადადგება? ერთი კი ცხადია, რომ აპრილის ბოლოსთვის დაპირებული მიტინგები არ იქნება, ოპოზიცია ამბობს – დროებით.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი