ახალი ამბები

“ნაციონალის” მეპატრონემ სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი შესწირა

17 ოქტომბერი, 2018 • 2434
“ნაციონალის” მეპატრონემ სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი შესწირა

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 10-15 ოქტომბრის მონაკვეთში, შემოწირულობის სახით, 848 244 ლარი მიიღო.

შემომწირველებს შორის ძირითადად არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ფულს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ურიცხავდნენ.

ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის არის არაერთი ბიზნესმენი. მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატს 15 ათასი ლარი გადაურიცხა ბენზინგასამართი სადგურების – “ნაციონალის”, “ც+პ უნივერსალისა” და შპს “გრინ გაზის” ერთ-ერთმა მფლობელმა გია ადამიამ. ადამიანს პარტნიორმა შპს “ც+პ უნივერსალში” კახაბერ ლატარიამ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წელს გადაურიცხა 60 ათასი ლარი. ამდენივე ოდენობის თანხა გადაურიცხა ლატარიამ “ქართულ ოცნებას” 2016 წელს.

სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებიდან დღემდე (28 აგვისტოდან 17 ოქტომბრამდე) 3 მილიონამდე ლარი შესწირეს, რაც აღემატება ყველა დანარჩენი კანდიდატისთვის ჯამურად შეწირული თანხის ოდენობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი