ახალი ამბები

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა

17 ოქტომბერი, 2018 • 2109
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით ერთი საფეხურით გაუმჯობესდა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში შესწავლილია 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, რეიტინგიდან ამოიღეს სხვადასხვა ინდიკატორები და დაემატა ახალი ინდიკატორები. ასევე შეიცვალა ქვეყნების შეფასების შკალა და მაქსიმალური 7-ქულიანი შეფასება 100 ქულით ჩანაცვლდა.

2018 წლის რეიტინგის 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები გაუმჯობესდა 8 მიმართულებით. ესენია ინსტიტუტები, ICT მიღების მზაობა, ჯანდაცვა, უნარები, ვაჭრობის ღიაობა, ბაზრის მოცულობა, ბიზნესის დინამიკურობა, ინოვაციური უნარ-ჩვევები. სარეიტინგო ქულების მიხედვით, გაუარესებულ ინდიკატორებს შორის არის ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საფინანსო სისტემა და შრომის ბაზარი.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ რუსეთს, ყაზახეთსა და თურქეთს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ინდექსში 69-ე, სომხეთი – 70-ე, ხოლო უკრაინა – 83-ე პოზიციაზეა.

გლობალური კონკურეტუნარიანობის ინდექსს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) 2005 წლიდან აქვეყნებს. ის ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს.

რეიტინგი ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ (სტატისტიკურ) მონაცემებსა (WB, IMF, etc.) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ პირთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს. აღნიშნული ყოველწლიური კვლევა პარტნიორი ინსტიტუტების ხელშეწყობით (სამეცნიერო ინსტიტუტები და ბიზნეს-ორგანიზაციები) ხორციელდება.

კვლევა ახდენს იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ბიზნეს-კლიმატის შექმნისათვის და მნიშვნელოვანია მწარმოებლურობისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ის განიხილავს ქვეყნის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ახდენს პრიორიტეტების იდენტიფიცირებას პოლიტიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი