ახალი ამბები

კანადაში მარიხუანის წარმოება და მოხმარება ლეგალური გახდა

17 ოქტომბერი, 2018 • 9289
კანადაში მარიხუანის წარმოება და მოხმარება ლეგალური გახდა

კანადა გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა ურუგვაის შემდეგ, სადაც მარიხუანის მოყვანა და გაყიდვა სარეკრეაციო მიზნებისთვის დასაშვები გახდა. როგორც კანადის სამაუწყებლო კომპანია (CBC) ამბობს, ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის გასაყიდი სპეციალური მაღაზიები 17 ოქტომბრიდან გაიხსნა. მარიხუანის ლეგალურად ყიდვის მსურველებმა კი მაღაზიებთან რიგი ჯერ კიდევ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიკავეს.

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ნიუფაუნდლენდი, რადგან ეს გახდა გახდა პირველი რეგიონი, სადაც, დროის სარტყელის დამსახურებით, მარიხუანის პირველი მაღაზია გაიხსნა.

იან პაუერი. ფოტო: Ted Dillon/CBC

“ისეთი აღტაცებული და აღელვებული ვარ, ღიმილს ვერ ვიკავებ. არც კი მცივა. გარეთ ყინავს, მაგრამ არ მცივა”, – უთხრა ჟურნალისტებს იან პაუერმა, რომელიც გახდა ლეგალური მარიხუანის პირველი მყიდველი. პაუერის თქმით, მისი ოცნება იყო, გამხდარიყო პირველი ადამიანი კანადაში, რომელიც მარიხუანას კანონიერად შეიძენდა. მასთან ერთად მარიხუანა შეიძინა ნიკი როსმაც. ორივე კაცი მარიხუანის სხვა მყიდველებთან ერთად მაღაზიის გაღებას ყინვიან და ქარიან ღამეს რამდენიმე საათს ელოდებოდნენ.

იან პაუერი წლების განმავლობაში კანადაში მარიხუანის სამედიცინო და სარეკრეაციო მიზნით მოხმარების დაკანონების მომხრე იყო და ამ იდეის ადვოკატირებასაც აქტიურად ეწეოდა. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მარიხუანის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმა შეიცვალოს.

მარიხუანის ლეგალიზება იყო კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება. როგორც ტრუდო მიიჩნევს, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებითა და რეგულირებულ ჩარჩოებში მოქცევით, შავ ბაზარს გამოეცლება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ასევე, აღნიშნული ნივთიერება არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

BBC-ის ცნობით, კანადაში მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ეფექტიანად როგორ მოხდეს მძღოლებში თრობის დადგენა. გამოწვევად რჩება ის არალეგალური მაღაზიები, სადაც ამ დრომდე მარიხუანა ისედაც იყიდებოდა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აღნიშნულ მაღაზიებს მოუწევთ ლეგალურ ბაზარზე შემოსვლა. კანადის ხელისუფლებამ მარიხუანის რეგულირება მუნიციპალიტეტებს დაუქვემდებარა, შესაბამისად, თითოეულმა რეგიონმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მკაცრ რეგულირებას დააწესებს.

მარიხუანის რეკრეაციის მიზნით წარმოება და მოხმარება დეკრიმინალიზებულია ნიდერლანდებსა და პორტუგალიაში. მარიხუანის მოხმარება საქართველოშიც ლეგალურია, თუმცა მისი წარმოება და გასაღება ამ დრომდე უკანონოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი