პარლამენტის თავმჯდომარემ სუბელიანთან შესვლის ნებართვა კვირას, P.S.-ის ანონსის შემდეგ გასცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ მირზა სუბელიანის მონახულების ნებართვა სულ ხუთჯერ მისცა, აქედან ერთი ნებართვა არასამუშაო დღეს, P.S.-ის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ არის გაცემული.

ინფორმაცია ამის შესახებ “ლიბერალმა” და On.ge-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო დოკუმენტების საფუძველზე გაავრცელეს.

აღსანიშნავია, რომ “რუსთავი 2”-ის ეთერში მირზა სუბელიანსა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ფარული ჩანაწერის შესახებ გადაცემა P.S.-ის ანონსი სწორედ კვირას, 14 ოქტომბერს, დილის 09:00 საათამდე გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ბოლო ბრძანება ვიქტორ ჯაფარიძეზე ამავე დღეს გასცა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელიც ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანთან ციხეში 5-ჯერ შევიდა, რომელ დღეებში და რატომ, საუბარი არ სურს.

“5-ჯერ ვიყავი და 35-ჯერ შევალ კიდევ. რამდენჯერაც მოითხოვს პატიმარი, არა მარტო მირზა სუბელიანი, არამედ სხვაც, იმდენჯერ შევალ. ის კაცი ცუდ დღეშია, შავ დღეშია და იმიტომ შევდივარ. მე უკანონობას არ ჩავდივარ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დეპუტატებს ციხეში შესვლის ნებართვაზე პრობლემა არასდროს შექმნიათ, თუმცა არასამაუშაო დღეს გაცემულ ნებართვაზე კითხვებს ისიც ლეგიტიმურად მიიჩნევს.

“კვირადღეს არის ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წერილი გაგზავნილი? კი ბატონო, არის ეს ნიუანსი, რომელიც სამსჯელოა”, – განაცხადა ოხანაშვილმა გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას.

აღსანიშნავია, რომ ციხეში მირზა სუბელიანის მონახულების მიზნით ვიქტორ ჯაფარიძის სახელზე გაცემული დანარჩენი 4 ნებართვის შესახებ ბრძანებები სამუშაო დღეებში – 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს და 11 ოქტომბერს არის გაცემული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი