ხაშოგი მოკლეს და ცხედარი დაანაწევრეს – CNN

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჯერ მოკლეს, მერე ცხედარი დაანაწევრეს, – ამის შესახებ CNN თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთის ოფიციალური პირები კერძო საუბრებში ამბობენ, რომ ხაშოგი 2 ოქტომბერს მოკლეს, როდესაც ის საკონსულოში მივიდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად New York Times-მა, ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე გაავრცელა, თურქეთის პოლიციის მიერ საკონსულოში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ეჭვი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ბოლოს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ნახეს. იგი Washington Post-ის მესვეტეა და BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებელი პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდელ პრინც მუჰამედ ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

თურქეთის თანახმად, ხაშოგის “გაუჩინარებაში” გარეულია 15 ადამიანი საუდის არაბეთიდან, რომლებიც 2 ოქტომბერს ჩაფრინდნენ თურქეთში და მალევე უკან დაბრუნდნენ.

საუდის არაბეთი მკვლელობის ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ ხაშოგიმ საკონსულოს შენობა დატოვა, თუმცა ამ ვერსიის დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი