მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოში გატაცებული გოგოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოში 12 ოქტომბერს გატაცებული გოგოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან აღნიშნულ საქმეზე სწრაფ და ქმედითუნარიან რეაგირებას ითხოვდნენ. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ე.წ. მოტაცებაზე სასჯელი უნდა გამკაცრდეს.

მათი თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის გამტაცებელს მხოლოდ საპროცესო გარიგებას და 5 000-ლარიან ჯარიმას აკისრებენ, შესაბამისად, საზოგადოებაში ამგვარი დაუსჯელობის განცდა ღვივდება.

ამასთანავე, ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ საკითხი უფრო მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, სადაც “მოტაცება” ქორწინების ერთგვარ წინაპირობად ითვლება.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება უმოკლეს დროში ვერ დაადგენს გამტაცებელს, ისინი აქციას ლამბალოში, პოლიციის შენობის წინ გამართავენ.

სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგო 12 ოქტომბერს გაიტაცეს. მეოთხე დღეა საქმეზე გამოძიებას შსს აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე გატაცებული გოგოს პოვნა ვერ ხერხდება.

თავად ოჯახის წევრები “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობენ, რომ გოგო გამტაცებელს არ იცნობდა და ის სწავლის გაგრძელებას აპირებდა. ისინი ასევე ხაზს უსვამენ, რომ კონკრეტულ პირზე ეჭვი აქვთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან