ახალი ამბები

ჩანაწერების გამოქვეყნებით პროკურატურა საკუთარი პროცესის დისკრედიტაციას ეწევა – მწარიაშვილი

16 ოქტომბერი, 2018 • 3985
ჩანაწერების გამოქვეყნებით პროკურატურა საკუთარი პროცესის დისკრედიტაციას ეწევა – მწარიაშვილი

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი პროკურატურის მიერ აუდიოჩანაწერების გავრცელებას ნეგატიურად აფასებს. მწარიაშვილის თქმით, საჯარო სივრცეში მსგავსი ჩანაწერების გავრცელება, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, საზოგადოებრივი განწყობების შექმნას ემსახურება, ეს კი საგამოძიებო უწყებების საქმე არ არის.

“ახლა კიდევ ახალი ჩანაწერი რომ იყოს, ამ რეჟიმში ხომ არ შეიძლება პროცესის ყურება? ჩვენი საზოგადოების პრობლემა იმაშია, რომ ნდობა არც იყო ინსტიტუტების მიმართ არასოდეს და ეს ნდობა ვერც შეიქმნა. ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა ამბობენ ხოლმე, რომ უნდა იყოს პოლიტიკური ნება. როგორც კი ამას ამბობენ, ივარაუდება, რომ პოლიტიკური ნება თუ არ არის, ასე უნდა იყოს, თუ არის, ისე უნდა იყოს”, –  ამბობს მწარიაშვილი ნეტგაზეთთან საუბრსიას.

ყოფილი პროკურორის მოსაზრებით, უკვე წლებია, დაინგრა და ვეღარ აღდგა ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, ვერც სასამართლომ და ვერც პროკურატურამ ვერ დაიბრუნეს სახე.

როგორც მაია მწარიაშვილი ამბობს, ჩანაწერების წინმსწრებად გამოქვეყნებით პროკურატურა საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა:

“ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გამოძიებამ გააკეთოს, არის ის, რომ ასე წინსწრებით რაღაცები აქვეყნოს. ზოგჯერ გამოაქვეყნებს, ზოგჯერ არ გამოაქვეყნებს, ე.წ. “ციანიდის საქმეზე” იყო კიდევ ასეთი შემთხვევა. 100 პროცენტით უტყუარი რომ იყოს ეს ვერსიაც [დღეს გასაჯაროებული ჩანაწერების ვერსია], ამ ფორმით გამოქვეყნება ძირშივე არყევს მას. ასეთი მოქმედებებით თითონვე იწვევენ საკუთარი პროცესის დისკრედიტაციას”.

თბილისის ყოფილი პროკურორის მოსაზრებით, მსგავსი მიდგომა საზოგადოებას ახსოვს, თუმცა წარსულმა გამოცდილებამ ეს პრაქტიკა ვერ მოსპო:

“გუშინ გამახსენდა საქმე, როდესაც ადეიშვილის დავალებით, პროკურატურის და სასჯელაღსრულების მოხელეებმა ინსცენირება მოახდინეს პატიმრებსი ცემის და მერე გამოაცხადეს, რომ ვითომ თავადვე გახსნეს ეს დანაშაული. ლაიტმოტივი ის იყო, რომ ესეც დადგმულია და სხვაც დადგმული იყო. ეს კინო მე მინახავს და ვისაც მეხსიერება აქვს, ბევრს უნახავს ამ ქვეყანაში. ამიტომ გარედან გარჩევა იწვევს ცუდ ასოციაციებს. არც საზოგადოებას და არც ამ სტრუქტურებს ის გაკვეთილი არ უსწავლია.

ჩვენ შეგვიძლია ვიმკითხაოთ გარედან, შეგვიძლია რაღაცები დავუშვათ იმიტომ, რომ ასეთები გვინახავს, მაგრამ შეფასება ერთია – ეს არ არის ნორმალური პროცესი. შთაბეჭდილება ისეთია, რომ გამოძიების პროცესი პროკურატურას არ მიჰყავს”, – ამბობს მწარიაშვილი.


დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების რწმუნებით, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი 2018 წლის 6 ივლისსაა მომზადებული, მანამ, სანამ მეორე საუბარი შედგებოდა, რომლის ჩანაწერიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ეთერში 14 ოქტომბერს გაუშვა.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და მზადაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.

ვრცლად წაიკითხეთ:

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი