ახალი ამბებისამართალი

ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო პროკურატურას მიმართა

16 ოქტომბერი, 2018 • 2635
ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო პროკურატურას მიმართა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით.

TI-ში იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა შესაძლო შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი თანამშრომელი თავს გრძნობდეს დაცულად საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას.”

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, 13 ოქტომბერს კონკრეტული მოქალაქის მხრიდან TI-ის აღმასრულებელი დირექტორის მისამართით მიიღეს აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა.

“ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი “ფაშიზმის თანამონაწილეებად” მოიხსენია,” – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.

TI-ის განცხადებით, მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ და რიგითმა დეპუტატებმა, ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

“ამ კამპანიის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის და სამოქალაქო სექტორის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მათი დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული თავდასხმები, რასაც ორგანიზებული სახე აქვს.

რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები წლებია ხორციელდება და ჩვენი დაკვირვებით, აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს”, – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ორგანიზაციის განცხადებით, ცხადია, ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა, როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ სჭირდება რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი