ახალი ამბები

“ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება” – ბოტკოველი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

16 ოქტომბერი, 2018 • 3792
“ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება” – ბოტკოველი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის დაპირისპირებას სამწუხაროდ და საფრთხის შემცველად აფასებს.

ბოტკოველი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორივე მხარის არგუმენტებს შეიწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე.

“ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში ორი მძლავრი ეკლესიის – კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების დაპირისპირებას ვგულისმხობთ. მინსკში ჩატარებულმა [რუსეთის ეკლესიის] სინოდმა განაჩინა, რომ ის ევქარისტიულ კავშირს წყვეტს მსოფლიო საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მწუხარებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ ეკლესიები გაათვიცნობიერებენ ამ შემთხვევის მნიშვნელობას და იქნებ გამოინახოს ისეთი გზა, რომელიც სამომავლოდ ამ ურთიერთობებს აღადგენს”, – განაცხადა ბოტკოველმა, რომლის აზრითაც, ასეთი დაპირისპირება ეკლესიებს შორის მთელ მართლმადიდებელ სამყაროში “ძალიან სერიოზულ დისონანსს” შემოიტანს.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, ბოტკოველის თქმით, მათ დასჭირდებათ ძალიან დიდი მასალის და კანონიკური სამართლის ნორმების საფუძვლიანი გამოკვლევა.

“ჩვენ გულდასმით უნდა შევისწავლოთ არგუმენტები, ის, რაც გავრცელდა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან და სავარაუდოდ, ალბათ, იქნება არგუმენტები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდანაც, თუ რის საფუძველზე მოახდინა ის ცვლილება, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განჩინების საფუძველზე მოხდა. გულდასმით და მიუკერძოებლად შევისწავლით ორივე პოზიციას და შემდგომში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი იმსჯელებს ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბოტკოველმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მან მრევლს და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან “ასეთი რეზონანსული გადაწყვეტილებები” მართლმადიდებელ ეკლესიაში აქამდე არ მიღებულა. ბოტკოველის თქმით, სწორედ ამიტომ, ის გარკვეულ საფრთხეებს ხედავს.

“მოთმინებით დაველოდოთ, შევისწავლოთ ყველაფერი და შემდეგ არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე შევაფასებთ იმ მოვლენებს, რაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ხდება”, – დასძინა ბოტკოველმა.

15 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულად გაწყვიტოს ევქარისტული კავშირი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან. რუსეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში მხარდაჭერის შემდეგ მიიღო.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიას მისანიჭებლად შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი