ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ დაყო კომპანიამ შოკოლადი გენდერული ნიშნით

16 ოქტომბერი, 2018 • 9005
რატომ დაყო კომპანიამ შოკოლადი გენდერული ნიშნით

“მხოლოდ ბიჭებისათვის” – ასეთი წარწერა აქვს “სანდომის” ლურჯად შეფუთულ ვაფლს, რომელსაც შეფუთვაზე პატარა ბიჭი ახატია. ტკბილეულს კომპანია “ვასაძის პური” აწარმოებს და სასაჩუქრე კვერცხში მოთავსებულ სათამაშოსთან ერთად ყიდის.

მსგავსს ტკბილეულს კომპანია ვარდისფერ შეფუთვაშიც აწარმოებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის “მხოლოდ გოგონებისთვისაა”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა აღნიშნულ კომპანიას, რათა გაერკვია, თუ რატომ გადაწყვიტა ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გენდერული ნიშნით დაყოფა.

როგორც ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიაში გვითხრეს, ვაფლის შეფუთვა “ჩვეულებრივი მარკეტინგული მიდგომაა”. კომპანიის განმარტებით, გენდერული ნიშნით პროდუქციის დაყოფა აპრობირებული პრაქტიკაა არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

“შეფუთვას არანაირი ქვეშინაარსი არ აქვს. ჩვენ არც არანაირი აკრძალვა დაგვიწესებია, რომ, მაგალითად, ბიჭმა ვარდისფერი არ უნდა იყიდოს და ა.შ. არანაირ დისკრიმინაცია არ არის. უბრალოდ, მარკეტინგული ხერხია. როდესაც პროდუქცია გაყოფილია, უფრო მეტია მოთხოვნა და უკეთ იყიდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში”, – უთხრა ნეტგაზეთს “სანდომის” მარკეტინგის წარმომადგენელმა ანა ნადირაშვილმა.

მისივე განმარტებით, შოკოლადი გოგოებისთვისაც არსებობს და ორივე შემთხვევაში მათი გემო იდენტურია.

https://www.facebook.com/sandomisakonditro/photos/a.467021406766864/1262050693930594/?type=3&theater

რატომ არ შეიძლება პროდუქციის გენდერული ნიშნით დაყოფა

ამა თუ იმ პროდუქციისა თუ რეკლამის გენდერული ნიშნით დაყოფის პრობლემურობაზე ნეტგაზეთთან სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, მსგავსი სახის რეკლამა კიდევ უფრო აღვივებს გამჯდარ სტერეოტიპებს და საფრთხეს უქმნის ისეთი ღირებულებას, როგორიცაა თანასწორუფლებიანობა.

სხილაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პროდუქციის რეკლამირებისთვის გამოყენებული იყო სტერეოტიპული მიდგომები, რაც ძირითადად გენდერულ სტერეოტიპებს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, რეკლამები, რომლებშიც წარმოდგენილია გენდერული სტერეოტიპები, შესაძლოა, ხელს უწყობდეს რომელილიმე ჯგუფის დისკრიმინაციას.

“თუ პროდუქცია თავისი შინაარსით თავისთავად არ გულისხმობს, რომ ის რაიმე ნიშნით განკუთვნილია კონკრეტული სქესისთვის ან ჯგუფისთვის, მისი რეკლამირება, რომ ის არის, მაგალითად, მხოლოდ ბიჭებისთვის ან მხოლოდ გოგოებისთვის, არის საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპბის გაღვივება. ზოგადად თუ შევხადავთ, ეს შეიძლება ხელს უწყობდეს როგორც თანასწორუფლებიანობის მიღწევის პროცესს, ასევე ახალისებდეს დისკრიმინაციას”, – განმარტავს ეკატერინე სხილაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, როდესაც კომპანია რაიმე პროდუქციას ურჩევს რეკლამას, შეფუთვასა თუ სლოგანს, მნიშვნელოვანია, რომ ეს მახასიათებლები არ იყოს დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ სქესთან.

“მაგალითად, ცისფერი ფერი არ უნდა გამოიყენებოდეს ბიჭების შემთხვევაში და არ უნდა იყოს მითითებული, რომ ეს შოკოლადი მხოლოდ ბიჭებისთვისაა, იგივეა ვარდისფერისა და გოგოების შემთხვევაში. ხშირად ისმის კითხვა, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რა წარწერა ექნება შოკოლადს ან სარეკლამო პროდუქტს.  პრობლემა არის ის, რომ სტერეოტიპები საქართველოში არის ღრმად ფესვგადგმული და დალექილი ჩვენს ცნობიერში. ისევე, როგორც გარკვეული გენდერული როლების დაყოფას, ასეთ ქმედებებსაც მივყავართ უფრო დიდ პრობლემებთნ, როგორიცაა გენდერული უთანასწოორბა, ოჯახში ძალადობა და ა.შ. საზოგადოებაში არ ხდება ჯანსაღი აზრის ხელშეწყობა”, – დასძენს სახალხო დამცველის მოადგილე.

გარდა ამისა, ეკა სხილაძე აღნიშნავს, რომ ამგვარ სენსიტიურ თემებზე საუბრისას მიუღებელია არგუმენტი, თითქოს გენდერული ნიშნით დაყოფით ესა თუ ის პროდუქტი უფრო მეტად იყიდება. მისივე შეფასებით, ნებისმიერი რეკლამა, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ეწინააღმდეგება თანასწორუფლებიანობის იდეას, ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას რომელიმე ჯგუფის მიმართ და “ვერ ჩაითვლება მიზანშეწონილად”.

“გოგონების და ბიჭების წიგნები” – ბაკურ სულაკაურის გამოცდილება

“ბიჭების წიგნი” და “გოგონების წიგნი” – ასე ერქვა “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის ორ საბავშვო წიგნს, რომლებიც შემეცნებით-გასართობ ხასიათს ატარებდა და რომლებიც გამომცემლობამ ერთმანეთისგან გენდერული ნიშნით დაყო.

“სერიის ფარგლებში გამოიცა კიდევ 4 წიგნი – “პატარა გოგონების წიგნი”, “პატარა ბიჭების წიგნი”, “გოგონების წიგნი” და “ბიჭების წიგნი”. ეს წიგნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ორ კატეგორიად იყოფა – ბიჭებისა და გოგონებისთვის. წიგნებს შორის განსხვავება არამხოლოდ სათაურში, არამედ ყდის დიზაინშიც იყო. “ბიჭების წიგნი” ცისფერი ფერის იყო და მას რობოტები, დინოზავრები და ქაღალდის თვითმფრინავები ეხატა. “გოგონების წიგნი” კი ვარდისფერი, მის ყდაზე ფერიები, გაფენილი სარეცხი და ყვავილები იყო გამოსახული.

აღნიშნულმა წიგნებმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეები გამომცემლობის ფეისბუკ გვერდზე კომენტარებს წერდნენ, სადაც განმარტავდნენ, რომ საბავშვო წიგნების გენდერული ნიშნით დაყოფა მიუღებელია.

რაც შეეხება უკურეაქციას, საზოგადოების პროტესტის შემდეგ “სულაკაურმა” გადაწყვიტა, რომ აღარ გამოსცემს წიგნებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს რაიმე ნიშნით გააღრმავებს.

“უპირველ ყოვლისა, გვინდა გითხრათ, რომ გამომცემლობის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს”, – ეწერა გამოცემის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი