საქართველოს პრეზიდენტი პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისთვის შემაშფოთებელი იყო ტელეკომპანია “იბერიის” და “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

“არც აქამდე და არც დღეს ვაკეთებ ფარული ჩანაწერების შეფასებას. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს, არის ის, რომელიც მინდა შევინარჩუნო. ამავე დროს, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებაში იქნა გამოვლენილი. საქმე ისაა, რომ ბრალდებებს არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა, რეკეტის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, პასუხი გაეცა ასეთი პოზიციით, რომ ეს თურმე ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა. ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილისმომგვრელი და არც სასაცილო. ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი. თუ პოლიტიკურ დისკუსიაში სამი კვირის განმავლობაში ის, რაც საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი, არაადეკვატურ ღიმილს და სიცილს იწვევს, ჩემი აზრით, ეს თავისთავად პრობლემურია. არაადეკვატური ღიმილი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, არ მიმაჩნია შესაბამის და სწორ პასუხად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ასევე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების თაობაზე მიმდინარე დისკუსიას.

“არ შემიძლია, კიდევ ერთხელ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა არ გამოვუცხადო ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერების და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას. ჩემი აზრით და იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის.

“არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გაღრმავების შემდეგი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სწორედაც რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საოზგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისთვის”, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი